გილოცავთ გერის წმინდა გიორგის ხსენებას – გერითობას! მისი მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დღესასწაული

 გერითობა, – ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დღესასწაული. შიდა ქართლში დღეს გერითობას აღნიშნავენ.  დღესასწაული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უკავშირდება. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნებოდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში.

2008 წლამდე, ამ დღეს, გერის სალოცავში ქართველები და ოსები ღამისთევით მიდიოდნენ მოსალოცად.

გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ერთ-ერთ სასწაულთმოქმედ სალოცავად მიიჩნევა.

შიდა ქართლის სოფელ გერში აღმართულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. შიდა ქართლისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სალოცავად ითვლება. ტაძარი მე-6 საუკუნეშია აშენებული.

ისტორიის მიხედვით, ქართლის მეფეს, ფარსმან V-ს ცოლად შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული, თან გერი მოჰყოლია. დედოფალს მზითვში წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები და ხატი მოჰყოლია. ფარსმან V უშვილო იყო.

ეს მზითვი თავის გერისათვის უჩუქებია, ამ უკანასკნელმა ქართლის ჩრდილოეთით, გუდისის მთის წვერზე ააგო ეკლესია და ხატი და წმინდა ნაწილებიც იქ დაუსვენებია.სალოცავი ქალაქ ცხინვალიდან 22 კილომეტრშია, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე.ის სასწაულმომქმედია და არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა, როდესაც სხვადასხვა დაავადებით შეპყრობილი ადამიანები იქ განკურნებულან.

გერის წმინდა გიორგის დღესასწაული სამჯერ  აღინიშნება, მარიამობის მომდევნო კვირა დღიდან სამი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირას,-  თავგერითობა, შუა გერითობა და ბოლო გერითობა.

სალოცავი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობ. ოსური და რუსული მხარე “რესტავრაციას” უტარებს(ხდება ქართული წარწერების წაშლა).მანამდე  ხალხი  ღამისთევით მიდიოდა.ვისაც შეთქმული ჰქონდა, სწირავდა საქონელს, ჩოქვით შემოუვლიდა ეკლესიას ან იქ არსებული “დადიანური ჯაჭვით” კისერზე გადაკიდებული სამჯერ შემოუვლიდა სალოცავს.ძველად აქ ძირითადად საქონლის მგლისაგან დაცვას შესთხოვდნენ ხოლმე. ქართველებთან ერთად აქ სალოცავად ადიოდნენ ოსებიც.გერის წმინდა გიორგის სალოცავის ბარის საბრძანისია სოფელ არბოში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

2008 წლის ომის შემდეგ ქართველ მოსახლეობას აღარ აქვს შესაძლებლობა,ეკლესია მოილოცოს.2010 წელს კი გორის რაიონის სოფელ ბერბუკში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ გერის წმინდა გიორგის ნიში ააგო.

კომენტარები