გილოცავთ ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ ლომისობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან.
ლეგენდა მოგვითხრობს: XIII საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ხვარაზმელების ლაშქარი, რომელსაც ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს”: დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა… ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მისნები მოუხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. სულთანს მისი დაწვა უბრძანებია. ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ იქიდან უვნებლად ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ქართველის თანხლებით სამშობლოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა, სადაც ახლა სალოცავია. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს და ა.შ.

არავინ იცის, სად არის ამჟამად ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული.

მეორე ლეგენდა ლომისის სალოცავის კარს ეხება. ეს კარი მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. მის შესახებ ასეთ ამბავს ყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.

ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.

 

კომენტარები