გილოცავთ! 22 სექტემბერს ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეა

გილოცავთ! 22 სექტემბერს ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეა.

წმინდა იოაკიმე ანა ითვლება უშვილოთა შემწეთ, ისინი განსაკუთრებით ეწევიანთ მათ ვისაც შვილი არ ჰყავთ,

ღვთის იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ,
მათ ღრმა მოხუცებულობაში შვეს სამყაროს დედუფალი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

ვისაც შვილი არ ჰყავს, არასოდეს არ უნდა დაკარგოს ღვთის იმედი, უფალი აუცილებლად მოახდენს სასწაულს.
ასეთი ოჯახები ხშირად უნდა ევედრონ იოაკიმესა და ანას.

ერთი ღვთისმოსავი ოჯახი – დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იოაკიმე და მისი მეუღლე, ლევიტელთა ტომიდან – ანა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა. წმიდა იოაკიმე, თავისი შრომის ნაყოფს სამად ჰყოფდა: ერთ ნაწილს ღმერთს სწირავდა – უფლის საკურთხეველთან მიჰქონდა, მეორეს გლახაკებს უნაწილებდა და მხოლოდ მესამედს იტოვებდა თავისი სახლეულობის შესანახად.

ღვთისადმი უდიდესი შიშისა, კრძალვისა და სიყვარულის მიუხედავად, იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ, რაც ძველი აღთქმის პერიოდის საზოგადოებაში, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად ითვლებოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო მეუღლე გაეშვა და სხვა შეერთო, მაგრამ სულიერად ის სჯულზე მაღლა იდგა.

იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს უფლის წინაშე, რომ თუკი მათ შვილი შეეძინებოდათ, მას აუცილებლად უფლის სამსახურში ამყოფებდნენ. წმინდა ოჯახის გულმხურვალე ლოცვა ისმინა ღმერთმა და იოაკიმესა და ანასგან იშვა ” პალატი ცათა მეუფისა” – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი. წმინდა ანდრია კრიტელის კანონში ვკითხულობთ:

“ყოვლად ბრძნისა ანნაჲს ფრიადი იგი მწუხარებითა განლეულებაჲ და მეუღლისა მისისა იოვაკიმის უშვილოებისათჳს გლოვაჲ და ზოგადი ორთავე ბერწობაჲ დაჰჴსნა და უჩინო-ყო. და მოწყალე ექმნა ვედრებათა მათთა და მისცა ბერწსა ნაყოფი წინასწარ ხარებული და თესლთა მიერ ლოცვისათა აღმოცენებული ქალწული, ხოლო იოვაკიმს – მორჩი სასოებითა ზესთა აღმატებული და ესრედ ყუავილოვან-ყო შვილიერებითა ქუეყანაჲ იგი განჴმელი უშვილოებისა გუალვითა”

გახარებული მშობლები სამი წელი ზრდიდნენ ღვთისგან ბოძებულ ასულს, შემდეგ კი, დადებული აღთქმის თანახმად, იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და უფალს შესწირეს.

წმიდა იოაკიმემ ამის შემდეგ, ღვთის ნებით, სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და, ოთხმოც წლის ასაკს მიღწეული, მშვიდობით მიიცვალა. მეუღლის მიცვალების შემდეგ ანა იერუსალიმში გადასახლდა და ტაძართან, თავისი ასულის სიახლოვეს ცხოვრობდა.

მალე, ორ წელიწადში (სამოცდაცხრამეტი წლის ასაკში), ისიც მიიცვალა.

ქრისტეს ეკლესიამ ღმრთისმშობლის შობის მეორე დღეს მათი ხსენების თარიღი დაადგინა – ნიშნად უდიდესი მოწიწებისა, პატივისცემისა და მადლიერებისა.

ლოცვა იოაკიმესი და ანასი:-

-„ჰოჲ, წმიდანო და მართალნო მშობელნო ღმრთისანო იოაკიმ და ანა! გვედრით თქუენ გულს-მოდგინებითა და სიყვარულითა, შევრდომილნი კვარცხლბეკსა ფერხთა თქუენთასა: ლმობიერ-ჰყავთ უფალი ღმერთი რათა გვიხსნას საუკუნოჲსა წარწყმედისაგან რომელი განმზადებულ-არს ცოდვილთათვის, ესრეთ მოწყალისა ღმრთისა ჩუენისაგან ხსნილნი და წმიდათა ლოცვათა თქუენთა მიერ შეწევნულნი, მადლობით ვუგალობდეთ მას ანგელოსურსა გალობასა: ალილუია.

ჰოი, მარადის დიდებულნო ქრისტეს მართალნო, წმიდანო იოაკიმ და ანა, მდგომარენო წინაშე დიდებულისა მეუფისა ზეციურისა საყდრისა და მრავლისა კადნიერებისა მისდამი მქონებელნო, ვინათგან ყოვლადკურთხეულისა ასულისა თქუენისაგან ყოვლადწმიდისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან ხორც-შესხმაჲ კეთილინება, თქვენდამო, ვითარცა მრავალღონეთა შუამდგომელთა და გულსმოდგინედ ჩუენთვის მვედრებელთა, მოვისწრაფით ჩუენ, ცოდვილნი და უღირსნი. ლმობიერ-ჰყავთ სახიერებაჲ მისი, რათა გვაშოროს რისხვაჲ თჳსი, საქმეთა ჩუენთათვის სამართალად ჩუენზედა მომავალი, და აურაცხელთა შეცოდებათა ჩუენთა უგულებელს-მყოფელმან, დაგვადგინოს ჩუენ გზასა ზედა სინანულისასა და ალაგთა მცნებათა თჳსთათა დაგვამკვიდროს ჩუენ. ეგრეთვე ლოცვითა თქუენითა სოფელსა ამას შინა ცხორებაჲ ჩუენი დაიცვენით და ყოველთა კეთილთა შინა კეთილი მოსწრაფებაჲ ითხოვეთ, ყოველივეს ცხორებისა და ღმრთისმოსაობისათვის სახმარსა ღმრთისა მიერ მოგუცემდით, ყოველთა განსაცდელთა და ჭირთაგან და სიკუდილისაგან ამაოჲსა შუამდგომელობითა თქუენითა გამოგვიხსნიდით და ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიცევდით, რათა მყუდროებითა და უშფოთველითა ცხორებითა ვსცხოვრობდეთ ყოველსა ღმრთისმსახურებასა და სიწმინდესა შინა, და ესრეთ საწუთროჲსა ცხორებისაგან წარმავალნი, საუკუნოსა ცხორებასა მივიწივნეთ, სადაცა ლოცვითა თქუენითა წმიდითა ღირს-ვიქმნეთ ზეციურსა სასუფეველსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რომელსა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა თანა მამით და ყოვლადწმიდა სულითურთ საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ“

ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ მუდამ.

კომენტარები