გიორგი ანდრიაძე: ყველა სასტიკად დამარცხდება, ვინც ქრისტეს ეკლესიას უპირისპირდება! – ინტერვიუ:

„ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს – ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის… ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში – ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას – გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ – ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“ – ოფიციალური ვერსიით, ამ სიტყვების ავტორი სუს – ის მაღალჩინოსანი აკაკი ნემსაძეა, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც სასულიერო პირებზე და კონსერვატიული მსოფლმხედველობის მოქალაქეებზე უკანონო მიყურადების და თვალთვალის ამსახველი 3 ათასი ფაილი გაასაჯაროვა.  საპატრიარქო და სუს -ი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ.  ვის ინტერესებშია ეს კრიზისი და რაში მდგომარეობს გამოსავალი?                                                   

“ყველა გარყვნილი სასულიერო პირი ნაცების შეგზავნილია. ჩანაწერებში ბევრია ფაბრიკაცია პატიოსან მღვდლებზე! მრევლის სურვილია ეკლესიის გაწმენდა! ეს ფარული ჩანაწერების ისტერია ნაც-ლგბტ-ს შეკვეთილია! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ფიზიკის მაგისტრმა და თეოლოგიის დოქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თეოლოგიის კომისიის ხელმძღვანელის (პატრიარქის) მოადგილემ, საპატრიარქოს ტელევიზიის ყოფილმა ხელმძღვანელმა და პატრიარქის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი ანდრიაძემ:

– მაქვს უფლება ვარაუდისა, რომ ეს ჩანაწერები სუს – ის კი არა, ნაცმოძრაობის, როგორც გასამხედროებული და ტერორისტული ორგანიზაციის შეთითხნილია. იმდენი უზუსტობაა იმ ჩანაწერებში, რომ არ მგონია, მსგავსი არაპროფესიონალური სახით სუს -ს აღნიშნული ჩანაწერები თავის არქივში დაებინავებინა. საპატრიარქოს სტრუქტურების ჩამონათვალში უამრავი შეცდომაა, მაგალითად, როდესაც მეუფე სტეფანეს აბრალებენ ვიღაცასთან ინტიმურ კავშირს, იმ ეპიზოდში ნახსენებია ორგანიზაცია, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ეს რომ მართლაც სუს -ის დოკუმენტი იყოს, ორგანიზაციის სახელი სწორად და სრულად იქნებოდა მითითებული. გასაჯაროებულ ფაილებში მსგავსი ლაფსუსები, რასაც სკოლის მოსწავლეც კი არ დაუშვებს – მრავლადაა. მოგეხსენებათ, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა, რატომღაც, დრო და საშუალება მისცა სააკაშვილის რეჟიმის ძალოვნებს, თავიანთი დანაშაულის მტკიცებულებები გაექროთ. ძალოვანი ორგანოებიდან, რომელშიც დღემდე რატომღაც ისევ მრავლად მუშაობენ სისხლიანი რეჟიმის დროინდელი კადრები – გაიტანეს მოსასმენი აპარატურა, ასევე, უკანონოდ მოპოვებული მასალები, რაზე დაყრდნობითაც ეკლესიის წინააღმდეგ კომპრომატებს თითხნიან. ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ ყველა სფერო მოიცვა. ნაც-ლიბერასტულ ძალებს დღემდე გააჩნიათ არა მხოლოდ მიყურადების და თვალთვალის, არამედ ამ უკანონო საქმიანობის შედეგად შეთითხნილი ყალბი პროდუქტების პროპაგანდის მექანიზმები, კერძოდ, ტელევიზიები, რასაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. ახლახან გავრცელებული 3 ათასი ფაილის ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც კომპრომატებს შეიცავს – ძველია. ისინი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდშია შექმნილი. ახალია მხოლოდ მცირე ნაწილი, ძირითადად ის ინფორმაციები, რასაც ისინი ტელეეკრანებიდან ყოველდღიურად ახმოვანებენ: დიალოგები ჟურნალისტებთან, პოლიტიკოსებთან და ა.შ. რაც სასაცილოა, რადგან არსებით ინფორმაციას არ შეიცავენ და მხოლოდ ფონისთვის სჭირდებათ, თითქოს რაღაც საინტერესო მართლაც ხდება. ეს არის მეცნიერულ დონეზე შესწავლილი, თანამედროვე მედიატექნოლოგიური შტურმი, საზოგადოებრივი აზრის მათ სასარგებლოდ ფორმირებისთვის.

 – როგორია ამ ტექნოლოგიის მექანიზმი?

– ნიშანდობლივია, რომ ფაილები მხოლოდ ლიბერასტული მედიის ხელში ხვდება. ჯერ იქმნება ერთგვარი ისტერია. ეთერით გამოდიან ნაცმოძრაობის, მის ორბიტაზე მყოფი პარტიების, ასევე ლგბტ ორგანიზაციების ლიდერები და მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით აზუსტებენ – „დიახ, ეს მართლაც მე (მამუკა ხაზარაძე) ველაპარაკე მეუფე თეოდორეს!“ ტელემაყურებელი მხრებს იჩეჩს – მერე რა, რომ ესაუბრა? რაზე ესაუბრა – არ ჩანს. ზოგჯერ საუბრების შინაარსიც გადმოცემულია, მაგრამ ადგილი აქვს ფაბრიკაციას, როგორც მაგალითად, დიმიტრი ლორთქიფანიძესთან დაკავშირებით მოხდა. მექანიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გასაჯაროებული საუბრების 80 პროცენტი სიმართლეა, ოღონდ არავისთვის და არაფრით საინტერესო არ გახლავთ. 20 პროცენტი კი, დიდი მნიშვნელობის მქონე ტყუილია, რომელიც 80 პროცენტ სიმართლეშია შეზავებული. შედეგად გვაქვს ეკლესიის შელახული სახელი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეკლესიის მიმართ ნდობის შემცირება და რწმენაში მათი დაბრკოლება, რითაც უაღრესად კმაყოფილები არიან ამ სკანდალის შემქმნელი ძალები. რაღა თქმა უნდა ეს სკანდალი ანტისახელმწიფოებრივია და ეკლესიასთან ერთად, სახელმწიფოსაც ემუქრება ჩამოშლით. სახელმწიფოსთვის არანაკლები პრობლემაა უშიშროების სამსახურის დისკრედიტაცია, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან შევარდანაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისულებები და მათი უშიშროების სამსახურები ერთიანად ანტიქართულია და ამის გამო ჩემთვის მიუღებელი.

 – ზნეობრივი საზოგადოებისთვის მიუღებელი მოვლენები ეკლესიაშიც ხომ ხდება?

– პირდაპირ ასე დაწერეთ: ვინც ეკლესიაში უზნეოდ იქცევა, ყველა შეგზავნილია! აგენტებიდან ზოგი მრუშია, ზოგი მამათმავალი, ზოგი ნარკომანი. ჯერ კიდევ კომუნისტები ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით მავანს მღვდლად გაამწესებდნენ და მერე ეს მღვდელი დიდმარხვაში საჯაროდ მიირთმევდა ხორცს, დაძვრებოდა ქალებში ან მამათმავლობდა. შევარდნაძის მერე, ეს სისტემა წარმატებით გადაიბარა სააკაშვილის ნეო-ბოლშევიკურმა რეჟიმმა. სააკაშვილი КГБ-ში გამოზრდილია, მთელი ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებს ემსახურება. მისი მთავარი მიზანი გახდა საზოგადოებაში ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტის – მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია. აგენტი სასულიერო პირები ეკლესიაში შეგზავნეს. ზოგი კომპრომატებით გადაიბირეს, სხვები – მოისყიდეს. ამ პერიოდში ეკურთხნენ ისეთი პირები, რომლებსაც საუბარსა და მიხვრა-მოხვრაშიც ეტყობოდათ, რომ სარწმუნოებასთან არაფერი აკავშირებდათ, არამედ, სააკაშვილის ბანდის აქტივისტები, არჩევნებში ნაცების არაოფიციალური აგიტატორები იყვნენ.  მაგალითად – პეტრე ცაავა და მისი ე.წ. არქიმანდრიტი სარია. ახლა, ეს ჩანაწერები რომ გამოფინეს, იმ თავიანთ აგენტებს მაინც წირავენ და არ შიფრავენ.   მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამ ფაილების გამომზეურებაში დადებით პერსპექტივასაც ვხედავ, რადგან თუ პროცესი ბოლომდე მივა და გარყვნილი სასულიერო პირები გამოაშკარავდებიან, მერე ეკლესიას გაუადვილდება მათი მოცილება, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ნაც-ლიბერასტები საკუთარ აგენტებს არ ამხელენ, არამედ ფაბრიკაციებით მანიპულირებენ! საზოგადოება ნელ-ნელა ხვდება, ვინ-ვინ არის.

 – ცაავას და სარიას გარდა კიდევ ვის დაასახელებთ?

– თავადაც არ მალავენ, რომ ნაცმოძრაობის რუპორები არიან მღვდლები – ილია ჭიღლაძე და თამაზ ლომიძე, რომლებიც ლანძღავენ, ღიად და აშკარად ებრძვიან პატრიარქს. ასეთი მღვდლების მრევლში არ დაედგომება სააკაშვილის რეჟიმისგან რეპრესირებულ მოქალაქეებს. აგენტი სასულიერო პირების ნაწილმა უკვე გაიმჟღავნა თავი, ვისაც ამოქმედება უბრძანეს – თავი თავად გაიმჟღავნეს, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი აგენტი მღვდელმსახური გაუშიფრავია და პატრონებისგან შესაბამის დავალებას გაყუჩებულ მდგომარეობაში ელოდება. გგონიათ, პეტრეს უნდოდა პატრიარქზე იმ სიბინძურეების გავრცელება? მაგრამ აგენტი პატრონს ვერ გადაუდგება, მორჩილება ამაზრზენი კომპრომატებით არის განპირობებული. ამჯერადაც, ფაილების სკანდალი გახლავთ ანტიქრისტიანულ ჯგუფში შემზადებული სკანდალი და მისი გამავრცელებელი თავად წერს, რომ დავალების მომცემებს „ჯოჯოხეთში დაელოდება!“ აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით, ნემსაძეს თავი მოუკლავს, ის მოკლეს და ჩანაწერების სუსიდან გამოტანა მიაწერეს!

 – ნემსაძე ივლისში კვდება. ჩანაწერები მაშინვე რად არ გაავრცელეს?

– ჩაფიქრებული ჰქონდათ, ეს ჩანაწერები გამოეფინათ არჩევნების წინ, რათა ისეთივე შედეგისთვის მიეღწიათ, როგორიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ციხეში წამების კადრების გასაჯაროებამ გამოიწვია. განსხვავება ის გახლავთ, რომ ციხეში პატიმრებს მართლა აწამებდნენ, ხოლო ამ ფაილების უმეტესობა გაყალბებულია, იქ აღწერილი „ფაქტები“ ბუნებაში არ მომხდარა. სკანდალის მეორე ნაწილიც პრიმიტიულად არის გათვლილი: ეთერში უშვებენ მხოლოდ მათთვის მოსაწონ „ექსპერტებს,“ რომლებიც თავიანთი ვერსიებით ირიბად ეკლესიის დისკრედიტაციას ახდენენ. სამაგიეროდ, მრავალგზის მიმართვის მიუხედავად, მე ეთერს არ მაკარებენ და კომენტარის საშუალებასაც არ მაძლევენ. საზოგადოების ნაწილი მასმედიის მიერ გაჩაღებული ისტერიის ტყვე ხდება და რწმენაში ბრკოლდება, ეკლესიის მიმართ ნდობა ეკარგება. დიდი მადლობა „ასავალ-დასავალს,“ რომელმაც საზოგადოების ინფორმირების საშუალება მომცა!

 – ნუთუ, ნაც-ლიბერასტები უკვე პირდაპირ ქრისტეს ეკლესიას დაუპირისპირდნენ?

– დიახ, რადგან ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ქართველ საზოგადოებაში ინარჩუნებს ეროვნულ და ზნეობრივ ღირებულებებს, გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესია! სხვა ავტორიტეტი ქვეყანაში არ დარჩა, მოაშთეს მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ზოგი მოისყიდეს, ზოგი შეაშინეს, ზოგი მოკლეს… ნაც-ლიბერასტების პატრონებს სჭირდებათ მხოლოდ საქართველოს ტერიტორია და არ აწყობთ, რომ ამ მიწაზე ცხოვრობდნენ სამშობლოს და ღმერთის სიყვარულით სავსე ქართველები. თავად ნაც-ლიბერასტებს მე შევადარებ როსტომ ხანს, შაჰნავაზს და მათ პლეადას – გამუსულმანებულ ქართველებს, რომელთაც სამშობლოში მამათმავლობის დამკვიდრება იწყეს. ისინი ქართულად საუბრობდნენ, მეუღლე მარიამი – ეკლესიებსაც კი აშენებდა, მაგრამ ხალხი ეკლესიაში აღარ დადიოდა, რადგან მეფე იყო ურჯულო! ახლაც იგივეს აკეთებენ. სურთ, ქართველებმა დაკარგონ მართლმადიდებლობა, როგორც რელიგია და ცხოვრების წესი. ამიტომაც, შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილით და თუნდაც ამ ხელისუფლებით გაგრძელებული – გაალმასებით უტევენ ეკლესიას! გამალებით მიმდინარეობს ახალგაზრდობის განარკომანება და ლგბტ აზროვნების დანერგვა, რასაც ეღობება მხოლოდ ეკლესია. უხილავი ანტიქრისტიანული მსოფლიო ძალა ებრძვის კაცობრიობას და ამ ძალის ადეპტები და აგენტები არიან ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები: გირჩი, ევროპული საქართველო, ლელო და ის 20 პარტია, ვინც ლგბტ თემის მხარდასაჭერად რეზოლუციას ხელი მოაწერეს. ამ მოვლენებზე მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც უუნაროა, ერის დამღუპველი ღონისძიების შესაჩერებლად.

 – სად არის გამოსავალი?

– მრევლის სურვილია და ეკლესიამ უნდა შეძლოს აგენტი, მრუში, მამათმავალი, ნარკომანი მღვდელმსახურების, მათ შორის მაღალ სასულიერო თანამდებობაზე მყოფების ეკლესიისგან განკვეთა. სამწუხაროდ აქამდე პეტრეს განკვეთაც ვერ მოხერხდა, რადგან მას სინოდში და პატრიარქის გარემოცვაშიც აღმოაჩნდა მხარდამჭერები. აგენტებს თავგამოდებით მფარველობს ნაცმოძრაობა. გამოსავალი ის არის, რომ არჩევნებზე ქართველმა საზოგადოებამ უარი უთხრას ამ  ბოროტ ძალას და მის ყველა განაყოფს, თუ საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილი ამ ძალას ხმას აძლევს, მათ ცოდვებზე პასუხისმგებლობასაც ინაწილებს და შესაბამისად, უფლისგან შემწეობას ნუღარ დაელოდება. უფლის ნება უზენაესია. მართლმადიდებლობის ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, როცა უფალს გამოუვალ სიტუაციაში გადაურჩენია მორწმუნე საზოგადოება. 20 საუკუნეა, ქრისტეს ეკლესიას ებრძვიან, მაგრამ „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ამჯერადაც ასე მოხდება – ყველა სასტიკად დამარცხდება, ვინც ქრისტეს ეკლესიას უპირისპირდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები