გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: „ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა – ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას!“

-„ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებამ. დიდ ტკივილთან ერთად დღეს ბედნიერი ვარ. მიხარია,-საქართველოს გამარჯვება დაიწყო. ვულოცავ გიორგის, მებრძოლ ბიჭებს და ყველას, ვისაც ამ საკითხზე გული შესტკიოდა. ჩემთვის ძალიან საამაყოა და უდიდესი პასუხისმგებლობაა გიორგი ანწუხელიძის ცოლობა.

დადასტურდა, -საქართველოს ომი არ დაუწყია. ეს პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების გამარჯვებაა“, – განაცხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა,  მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, -ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული, – გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლის ფასად უარი თქვა საქართველოს დროშის შეურაცხყოფაზე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს დროს რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ საქართველოს მიერ შეტანილ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, 21 იანვარს გამოაქვეყნა, – .  რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები, ანუ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, კერძო და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და წამების აკრძალვის ვალდებულება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა – კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება – კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება – კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება – მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება – პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება. 
კომენტარები