გიორგი გაჩეჩილაძე: ზელენსკიმ, შესაძლოა არც იცის, რომ სააკაშვილს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი
დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს გამოეხმაურა. ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ვლადიმერ ზელენსკიმ არ იცის, რომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორზე უკრაინაში საქმეა აღძრული და მას სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.
„მასზე არის აღძრული საქმე სახელმწიფო ღალატის გამო რუსეთის ანუ იანუკოვიჩთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ზელენსკი შეიძლება საქმის კურსში არ არის, ახალი დანიშნულია. მთავარი არის ის, რომ სააკაშვილს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში და ის საქმე, რომელიც მასთან დაკავშირებით არის აღძრული უკრაინაში, ის აუცილებლად გაგრძელდება,“ – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც, ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.