გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

გიორგი გახარიას მხარდასაჭერად პეტიცია „არ გადადგეს გახარია!“ და სპეციალური ვებგვერდი – argadadge.ge შეიქმნა.
პეტიციაზე ხელის მოწერა სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით არის შესაძლებელი.
„მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას“, – წერია პეტიციის ტექსტში.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.
აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები