გიორგი გახარია: „ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური „ქეისებით“, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით  მიღება მიულოცა:

-„ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური „ქეისებით“, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე.

მინდა თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა. ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე უფრო მაღლა დაეყენებინა. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სეიროზულ მიღწევას. ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 -იანი წლებიდან ოცნებობდა. ვერავინ ეს ვერ გააკეთა და ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. 

მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. ვინც ამ საკონსტიტუცუციო ცვლილებებს ხმა მისცა მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო“.

117 ხმით საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. წინააღმდეგი იყო 3 დეპუტატი.  კენჭისყრაზე რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც.

ე.წ. „ჩამკეტი მექანიზმი“ გულისხმობს, პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ხმების 40%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს, საპარლამენტო უმრავლესობის მიღების საშუალება არ ექნება.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობამ“ და „ევროპული საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ ჩამოაყალიბებს.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, – წერია კანონპროექტში

კომენტარები