გიორგი გახარია: ზუგდიდში დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მთაწმინდის №5 საარჩევნო უბანზე მივიდა და შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთა.
თბილისში მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები დღეს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
პარლამენტის დეპუტატის ადგილი მთაწმინდის რაიონიდან ვაკანტურია მას შემდეგ, რაც 2016 წელს არჩეული სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
მთაწმინდის რაიონში დეპუტატის სავარძლისთვის 20 კანდიდატი იბრძვის. მთაწმინდაზე დაახლოებით 44 ათასი ამომრჩეველია, რომლებიც დეპუტატობის საკუთარ კანდიდატს ხმას 31 საარჩევნო უბანზე მისცემს.
გახარიამ ჟურნალისტებთან ზუგდიდის რაიონში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი.
მისი განცხადებით, ზუგდიდში შსს-ს უპრეცედენტო ძალები არ არის მობილიზებული, ზუგდიდში მობილიზებულია დამკვირვებელთა უპრეცენდენტო რაოდენობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უპრეცედენტო ძალები არ არის ზუგდიდში მობილიზებული, ზუგდიდში არის მობილიზებული დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. ზუგდიდში სამინისტოს ის ძალებია მობილიზებული, რომელიც აუცილებელი იმისთვის, რომ ზუგდიდელებს წყნარ, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიეცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა პროვოკაციასა თუ სამართალდარღვევაზე, პოლიციის მხრიდან იქნება მკაცრი და სწრაფი რეაგირება..”, – განაცხადა გახარიამ.