გიორგი გახარია: „ლარის კურსზე: ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია, რომელიც მშვიდად უნდა გადავიტანოთ“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა.

 –„ლარის კურსი ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ სტაბილურდ და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია,

ეს არის რეაქცია, რომელიც წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ.

ამისთვის დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთანაც. ლარის კურსთან გამკლავებაში ჩვენი მიზანი ეკონომიკუი ზრდის სტიმულირებაა, რასაც ყველანი ერთად ვაკეთებთ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო კვირების განმავლობაში დოლარის ღირებულება 2.78-მდე ჩამოვიდა. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და სავალუტო ჯიხურებში მისი ფასი სამ ლარს აღწევს.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა მუშაობის  საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.  დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კრონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კორონავირუსი გადამდებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

 

კომენტარები