გიორგი გახარია: მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი

2012 წლიდან სამეგრელოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო მილიარდ 186 მილიონი ლარი, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და გეტყვით, რომ შემდგომ ოთხ წელიწადში, რაცაა საარჩევნო ციკლი, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, დაგეგმილი ინვესტიციების დიდი ნაწილი სამეგრელოს რეგიონს მოხმარდება. „ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი დაწყებული საქმე უნდა გავიყვანოთ ბოლოში.მაგალითად წყალმომარაგება. ზუგდიდს ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონდა სტაბილური წყალმომარაგების სისტემა. ბევრი ვიწვალეთ, საჭიროზე მეტი დრო დავხარჯეთ, ეს პრობლემა ბოლოში გავიყვანეთ. შემდეგი საკითხია წყალარინების სისტემა, რომელიც ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს და მომავალ წელს ამ პროექტს დავიწყებთ. შიდა სასოფლო გზები და სასმელი წყალი სოფლებში, ესაა შემდეგი პრობლემა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ის ინფრასტრუქტურული პროექტები რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მიმართული იქნება სისტემური ინფრასტრუქტურის წესრიგში მოსაყვანად. ზუგდიდში, სენაკში,მარტვილში ცხოვრება უნდა იყოს ისეთი, როგორიცაა ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, არ უნდა იყოს სხვაობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს წარმატება, პირველ რიგში რეგიონების წარმატებით განისაზღვრება. „საქართველო ვერ განვითარდება სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა“, – აღნიშნა გახარიამ.

კომენტარები