გიორგი გახარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს უსაფრთხოების გარემოს.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში“.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, უკანონო ბორდერიზაციაზე.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

კომენტარები