გიორგი გახარია: სადაც გამოხატვის თავისუფლება გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე მათმა ლიდერმა განაცხადა, ფაქტობრივად, კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება იყო.

„სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები