გიორგი გახარია: „სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები – ყველას უნდა გვესმოდეს, ამის ფასი მარტივია“

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

-„სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს.  როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორზე გამახვილდება.

როდესაც ვამბობთ, – სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, ამის ფასი მარტივია – პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკაში, კრიზისული პერიოდის მიუხედავად, გარკვეული მიმართულებებით აღდგენის დადებითი ტენდენცია უკვე შეინიშნება.  საქართველოს პოსტკრიზისული აღდგენის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები აქვს და ბიზნესს მიმართა, მოემზადონ ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რაშიც მათ სახელმწიფოს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნებათ.

„კონომიკის ნაწილში 2019 წელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. 2020 წელი ძალიან კარგად დავიწყეთ, შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. შესაბამისად, აღდგენის პროცესი ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მიღმა უკვე დაწყებულია, ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენციებია. საერთოდ, შედარებითი ანალიზის საშუალებით, პოსტკრიზისული აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები გვაქვს, თუმცა გამოწვევა ბევრი იქნება. არავინ იცის და მიუხედავად იმისა, რომ 8 თვე გავიდა, ვერავინ პროგნოზირებს, როგორი იქნება მეორე ტალღის სიღრმე. სახელმწიფოს რესურსი ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები