გიორგი გახარია – „უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 1 000-ს გადააბიჯებს“

-„მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრების გარდა, მოწვეული გვყავდა ეპიდემიოლოგები, ქალაქის მერი, რომ მიგვეღო გარკვეული გადაწყვეტილებები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში დაფიქსირდა ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები.  გუშინ იყო 381 ათასი. დღეს საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლი, – 919 ინფიცირებული, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული რიცხვია, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1 000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მსოფლიოში არ არსებობს არანაირი გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვებისა და ლოქდაუნების.

ვირუსის მართვის პროცესში, მთავრობის ძირითადი სტრატეგია წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული გაცხადებული გეგმა ვირუსის მართვისა და ადაპტაციის. ამას აქვს თავისი ახსნა. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი აღდგენა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და, ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით არის წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.

აჭარაში 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 189 იყო), იმერეთში – 104 (გუშინ 150 იყო); სამეგრელო ზემო-სვანეთი – 57 (გუშინ 3 იყო); ქვემო ქართლში – 44; შიდა ქართლში – 21; კახეთსა და გურიაში – 13. მცხეთა მთიანეთი – 11; სამცხე ჯავახეთი – 3, რაც შეეხება რაჭა ლეჩხუმს, იქ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 114 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები