გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: „დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება. მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ“

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს, გიორგი გახარიას მოუსმინეს. პრემიერის მოსმენით 26 ივნისს,  პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდა. რეგლამენტის შესაბამისად, თვის ბოლო პარასკევს, სესია იხურება.

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში, პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში იმუშავებს.

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა განიხილონ.

პარლამენტში დეპუტატების მიერ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ პრემიერმა განაცხადა:

-„ეს ცხელი თემაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმესთან დაკავშირებით დააკავა 17 ეჭვმიტანილი.

დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩება, არ დავტოვებთ, მწარე გამოცდილება გვაქვს და ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში.

გიორგი შაქარაშვილი 25 ივნისს დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით:

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები