გიორგი გახარია : „წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია“

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა  მთავრობის მეთაურის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

-„ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირება, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდსასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია, უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა, რათა იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი, – რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე, – კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი – არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს.

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი თბილისში, შემდეგ კი იმერეთსი ფიქსირდება. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რეგიონებიდან აჭარას უკვე იმერეთმა გადაასწრო.

თბილისში – 976, აჭარაში – 328, იმერეთი – 368, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 135, გურია – 62, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები