გიორგი ვაშაძე: „საერთოდ ნამუსი თუ აქვს? – შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა“

-„უკვე ყელშია მათი ყოველთვის წარსულით ნაკარნახევი განცხადებები. კატასტროფაა, გვაქვს კრიმინოგენული სიტუაციის კოლაფსი, ჩამოიშალა სამართალდამცავი ორგანოები, არის ეკონომიკური კოლაფსი, ამას კი ხელისუფლება საკუთარი თავის გარდა ყველაფერს აბრალებს. გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლის კოლაფსი. მითხარით, რამე არის ნორმალურად მართული ამ ქვეყანაში? რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა, – მძევლები თავისუფლები და ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ ადამიანის არდაკავება და ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა? ეს ხომ არის  გზავნილი კრიმინალებისთვის, მიდი აყაჩაღე, ამიტომ არის, რომ დააყაჩაღეს ზუგდიდში ბენზინგასამართო სადგური, ინკასატორი, მკვლელობა მოხდა ქუჩაში, წარმოიდგინეთ, როგორი გავეშებულია კრიმინალი? რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ელემენტარული უსაფრთხოება არ არის ქვეყანაში? ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ?

ამერიკულ ვესტერნებშიც კი არ ხდება ისეთი ფაქტები, – თავდამსხმელი დღისით ბანკში შეიჭრას, მძევლები აიყვანოს, თანხა წაიღოს და მიიმალოს.

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა. ნეტავ, საერთოდ ნამუსი თუ აქვს, რომ არ გადადგა. ხალხი რომ გადაარჩინეს, მერე დადევნების ოპერაცია უნდა ყოფილიყო. ორი დღე თუ ვერ იპოვეს, როდისღა იპოვიან? სად არის ეს კაცი, კაცმა არ იცის. საერთოდ გონზე არ არიან, ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მეტი არაფერი აინტერესებთ“,-განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში”.

კომენტარები