გიორგი კვირიკაშვილი ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას ეხმიანება- კვირიკაშვილის მოწოდება

-„იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას.

 ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, რათა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი – დასავლეთში ინტეგრაცია ჩიხში არ შევიდეს

ზემოთქმულის ალტერნატივა უდაოდ იქნება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიულ დასავლურ ქვეყანათა ოჯახში.

პ.ს. სპეკულაციური ინტერპრეტაციების მსურველთათვის განვმარტავ: – ნაციონალური მოძრაობა თავისი ფასეულობებით და ლიდერების მოქმედების მანერით ჩემთვის სრულიად მიუღებელია;

– 2019 წლის 20 ივნისს არ ვამართლებ დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, თუმცა სრულიად სოლიდარული ვიყავი და ვარ იმ პროტესტის, რომელიც პარლამენტში გავრილოვის მიერ სხდომის წაყვანას მოჰყვა და, რა თქმა უნდა, როგორც მაშინ, დღესაც ისევე ვგმობ პოლიციის წარმომადგენელთა გადაჭარბებულ ძალისმიერ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ახალგაზრდებმა მხედველობა დაკარგეს და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს“,  – წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები