გიორგი მარგველაშვილი: „მიხარია, რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“

“თანამედროვე მიმდინარე პოლიტიკას რომ ვაკვირდები, ჩავრთავ ხოლმე ტელევიზორს და მიხარია, რომ ამაში არ ვმონაწილეობ რაც ახლა ხდება“.– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველი არხის” ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია აქვს, როცა დღევანდელ პრეზიდენტს ფაქტობრივად, ორი სასახლე აქვს, მას კი სასახლის გამო მთელი ხელისუფლება დაუპირისპირდა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს: “გინდ ორი იყოს, გინდ 22 , არც მაინტერესებს“.

გიორგი მარგველაშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდა. ერთადერთი კომენტარი მან მთაწმინდის არჩევნების დღეს გააკეთა, როცა ხმის მისაცემად მივიდა და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ერთფეროვანი ჭაობი უწოდა.

ის დღეს „ჯიპაში“ სტუდენტებს ლექციებს უკითხავს და პოლიტიკას მხოლოდ თერიულად, სტუდენტებთან განიხილავს, მათ შორის, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მაგალითად, სასამართლოსთან დაკავშირებულ ამბებს. მის სალექციო კურსს პოლიტიკა ჰქვია.

ყოფილი პრეზიდენტის ერთადერთი კომენტარი პოლიტიკური პროცესის შესახებ ასეთია:

“დღეს ქართული ოცნებისთვის მთავარი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობა კი არა, ვიღაც მესამეა და ნაციონალური მოძრაობისთვისაც, მთავარი კონკურენტი ვიღაც მესამეა. ორივეს აქვს შესაძლებლობა, როგორც კი პატარა ნერგი გაჩნდება, გაანადგუროს ეს ნერგი.“– ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები