გიორგი მუჯირი: „საქმე გვაქვს ორგანიზებულ ჯგუფთან, რომლის წევრებიც აღიარებენ დანაშაულში გიგი უგულავას მონაწილეობას“

-„საქმე გვაქვს ორგანიზებულ ჯგუფთან, რომლის წევრებიც აღიარებენ დანაშაულში გიგი უგულავას მონაწილეობას.

გიორგი უგულავასთან ერთად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლდა კიდევ 5 პირი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან ჯგუფის წევრები მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, შესაბამისად, ბრალდების მხარის კვალიფიკაცია და ამ შემთხვევაში ქმედების კვალიფიკაცია ხდება ერთიანად. როგორც გიორგი უგულავასთან მიმართებაში, ასევე მათ მიმართებაში ბრალდების მხარის მოთხოვნა იყო, რომ მათი ქმედება დაკვალიფიცირებულიყო გაფლანგვით. ნაცვლად გაფლანგვის კვალიფიკაციისა, პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, მათი ქმედება დაკვალიფიცირდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, რის გამოც მიღებული იყო ბრალდების მხარის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ ეს განაჩენები გასაჩივრებულიყო ზემდგომ ინსტანციაში.

უზენაესმა სასამართლომ ბრალდების არგუმენტაცია გაიზიარა და ბრალდებულების ქმედება გადაკვალიფიცირდა „გაფლანგვად“. უგულავას მსგავსად სასჯელი შეეცვალა დანარჩენ ბრალდებულებს და მათ მიესაჯათ 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მათ საქართველო განაჩენის გამოცხადებამდე დატოვეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი არ იმყოფებოდნენ საქართველოში. როგორც ჩემთვის ცნობილია, განაჩენის აღსრულების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს. უბრალოდ მათი პოზიცია გახლდათ შემდეგი: რომ მათი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით და არა გაფლანგვით. ასევე ისინი აღიარებდნენ გიორგი უგულავას უშუალო ჩართულობას დანაშაულებრივ სქემაში.

საქმის განხილვისას ყველა საპროცედურო წესი დაცული იყო. სტრასბურგში გასაჩივრების შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს სრულად გაიზიარებს.  მუჯირი ასევე გამოეხმაურა განცხადებებს იმის შესახებ, რომ უგულავა ორჯერ ერთი და იგივე საქმეზე გაასამართლეს.

მართლმსაჯულების პროცესი არის ერთიანი და მოიცავს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას. საუბარი იმაზე ლოგიკასაც კი მოკლებულია, რომ ორი მართლმსაჯულება განხორციელდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც საქმე გვაქვს დაუსრულებელ ერთ მართლმსაჯულებაზე. მოლოდინი იმისა, რომ სამი ინსტანციის სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება დაცვის მხარესაც ჰქონდა. დაცვის მხარე არის საკმაოდ კვალიფიცირებული და მსგავსი პოპულისტური განცხადებები მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ და სხვა არაფრისკენ“, – განაცხადა გიგი უგულავას საქმეზე საუბრისას პროკურორმა გიორგი მუჯირმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში.

 

კომენტარები