გიორგი ფხაკაძე “კოვიდ-19”-ის ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე -„სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული“

-„საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.
არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ  უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი.  დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული უნდა გაეცეს პასუხი.
საინტერესოა, როგორ შემოიტანენ რომელიმეს, – სხვა თუ არაფერი, წარმოება არ არის საკმარისი, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც “კოვაქსმა” შეისყიდა, რადგან ჩვენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასთან ერთად, მის პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, ოღონდ მივიღებთ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, –  ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი, შემდეგ საქმეში ერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს და განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ორგანიზაციაა. მან უნდა შეაფასოს ფინანსურად, ლოჯისტიკურად რამდენად შესაძლებელია თუნდაც “ფაიზერის” შემოტანა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული.შესაძლოა,  ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ უარესი შედეგიც მოგვიტანოს,  მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. “ფაიზერმა”  შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები,  გადატანისას ვაქცინა ცივად რომ დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის. ის, რაც ნორმალურია ნიუ-იორკსა და ჟენევაში, არ არის მისაღები საქართველოსთვის, სადაც ორჯერ რომ მიხვიდეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული გახდეთ, – ჩვენთან ინფექციის კონტროლი ვერ ხდება. “კოვიდ-19”-ის ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან დაიწყო. ამიტომაც ვუყურებ ასე სკეპტიკურად მის შემოტანას.
ხმები მომდის, ვიღაცამ რაღაც გზებით შემოიტანა ესა და ეს წამალი, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ, თვითმკურნალობა არ გაბედოთ!.. ნუ დაუჯერებთ ფეიკნიუსებს. დაელოდეთ ჯანმოს ინფორმაციას, რომელსაც “კოვაქსი” შეიძენს და საზოგადოებისთვის აუცილებლად უფასო იქნება.
 როცა მოაღწევს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებითი, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. როცა სახელმწიფოს გამოცდილი და სანდო პრეპარატი ექნება, მას საზოგადოება თავად მოსთხოვს მის გაკეთებას, ამიტომ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.
მედიამ და სახელმწიფომ, თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ,  – ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.
გაზაფხულზე “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, –  ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული, ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა.
ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც “ფაიზერი” არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.
 ის მაინც საცდელი ნიმუშია, არავინ ამბობს დარწმუნებით,  უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 თვეა საჭირო.
 ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები, გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.
კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, ამას  გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, ეს  ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა, – 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, ეს მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა, – ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ, – ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან. ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ…
 ეს ვერაგი ვირუსი “უყურებს” ორგანიზმს, იქ გვირტყამს, სადაც სისუსტეს აღმოაჩენს.  ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, დიდი შანსია, უფრო მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი. მწეველებსაც სიფრთხილე მართებთ, ძნელია, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბონ და მოწევას შეეშვან. ასევე დაივიწყეთ მარილიანი საჭმელი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, სცადეთ, მშვიდად იყოთ.  შეეშვით თვითმკურნალობას. ამას წინათ მომწერა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან, ითქვა, წყალბადის ზეჟანგი ვირუსის პრევენციისთვის კარგია და აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდაო. სრული სისულელეა, არ შველის, ისევე, როგორც ინტერნეტში დადებული სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ვითომ არჩენს “კოვიდს”. მიიღეთ ბევრი სითხე, იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, როდესაც მზეა, ოღონდ თუ გარშემო ხალხია, არ მოიხსნათ პირბადე, არც თქვენ წინ მორბენალი ადამიანის უკან, ამბობენ, მას უკან ვირუსები მიჰყვება. დაიცავით დისტანცია ვაქცინის შემოტანამდე. საყვარელი ადამიანების მოსიყვარულებასა და ჩახუტებას მერეც მოვასწრებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.
კომენტარები