გიორგი ქობულია – “მამუკა ხაზარაძის განზრახვა სასიკეთო იყო ქვეყნისთვის“

„რადგანაც ასე ღრმად არიან ამ პროექტში შესულები, აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. ემოციურადაც რთულია“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”.

ქობულია არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძემ და კონსორციუმმა პორტის პროექტის რისკები ბოლომდე ვერ შეაფასეს.

მამუკა ხაზარაძის განზრახვა მხოლოდ სასიკეთო იყო ქვეყნისთვის. მას კარგის გაკეთება  უნდოდა და უნდა კიდევაც. მე ამის გულწრფელად მწამს. ამ პროექტში მან რაღაც დონეზე შეტოპა და წავიდა, წავიდა წინ. დიდი ძალისხმევა იყო გაწეული კონსორციუმის და მამუკას მიერ, რომ ეს თანხა შეეგროვებინათ, მაგრამ კომერციული დასაბუთება არასაკმარისი იყო, ეს თანხაც ვერ შეაგროვეს ბოლომდე”,- აღნიშნა ქობულიამ.

შესაძლოა მამუკა ხაზარაძემ და კონსორციუმმა ბოლომდე ვერ შეაფასეს ანაკლიის პორტის პროექტის რისკები.

“ფაქტები აჩვენებს იმას, რომ მათ ეს ბიზნესქეისი ვერ დაუმტკიცეს ძალიან ბევრ ინვესტორს. ვიღაცას დაუმტკიცეს, ბევრს ვერ დაუმტკიცეს. ამიტომ 100 მილიონი ვერ შეგროვდა. რადგანაც ასე ღრმად არიან ამ პროექტში შესულები, აქედან გამოსვლა ძალიან რთულია. ამ პროექტთან დაკავშირებით უნდა გამოინახოს მისი რესტრუქტურიზაციის გზები, ამას უფრო ობიექტური ანალიზი უნდა, ვიდრე პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა”,-განაცხადება გიორგი ქობულიამ.

 

კომენტარები