გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – სასამრთლოსთან სიტყვიერი დაპირისპირება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.

სასამრთლოსთან არის სიტყვიერი დაპირისპირება. რამდენიმე პირი დააკავეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

დაკავებული 5 პირიდან ბრალს არც ერთი აღიარებს.

-„ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. არ ველოდი, როგორ შეიძლება ველოდო ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის?  ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.

გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.

ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, – წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები  მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

კომენტარები