გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულს ბრალი წარედგინა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა ჩხარტიშვილს ბრალი წარედგინა.   

-„ჩვენ დავაფიქსირებთ წერილობით ჩვენს პოზიციას. მას ბრალი ედება ძალადობაში ანუ აგარაკზე განვითარებულ დაპირისპირებაში, საიდანაც რამდენიმე წუთში ახალგაზრდება გადაინაცვლეს კონკრეტული მოვლენის აღსანიშნავად ლისზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმ ძალიან ცუდი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ლისზე, რამდენიმე საათის გადასული იყო.

საქმის მასალები არ გადმომცემია. შესაბამისად, არ მომხდარა ბრალდებულის გამოკითხვა“, – განაცხადა  ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

ბრალი ოფიციალურად წაუყენეს ასევე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეს არჩილ გაგნიძეს. 

-„გაგნიძე ბრალს არ აღიარებს. ის არ ეთანხმება დადგენილებაში მითითებულ გარემოებებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩავიდა მცხეთაში, თუმცა, სულ სხვა მიზნით. არც ერთ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ამირხანაშვილს, მას თბილისში წამოყვანა შესთავაზეს, დიდუბეში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს”, –  განაცხადა სპორტსმენის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში.

-„სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.

„კერძოდ:
2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილი 25 ივნისს დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით:

ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები