გირჩისა და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ

 

„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.

კონსულტაციების შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ განიხილება მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარლამენტში შესვლას და არჩევნებს ეხება.

„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და აქედან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე არ გვქონია“, – განაცხადა იოსელიანმა.

წყარო – პირველი არხი

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები