გრიგოლ ვაშაძე – „გავაცანით ჩვენი მოსაზრებები – ვინც ფიქრობს, რომ წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, არიან რუსეთის გავლენის აგენტები“

-„უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, – იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენს რეგიონშია,  მონახა საშუალება, ჩამოვიდეს. ელჩი რიკერი საქართველოში რომ დარჩა, არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, ისევე როგორც ევროპის კავშირში, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, როგორ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რათა გამოსავალი მოვნახოთ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფილიპ რიკერმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღებით მოისმინეს ფაქტები არჩევნების გაყალბებაზე და იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმების.

გავაცანით ჩვენი მოსაზრებები, რა შეიძლება იყოს ამ კრიზისიდან გამოსავალი. გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან, რაოდენ რთული არის ეკონომიკური, მდგომარეობა, რაოდენ რთული არის მდგომარეობა რეგიონში, მთელი მსოფლიო არის გაყინული, ებრძვის კორონავირუსს, საჭიროა, საქართველოში სასწრაფოდ კომპრომისის მონახვა. ჩვენ უკან დგას უამრავი საქართველოს მოქალაქე, ითხოვს სამართლიანობის აღდგენას.

ჩემი 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, ადამიანები, რომელიც ამბობენ, – წამსვლელი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები; რადგან შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები