გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვი და ვინც ბოლომდე წაიკითხავთ ჩემი დალოცვაც ალალ იყოს!
გრძელი სიტყვა მოკლედ ვერ ვთქვი და ვინც ბოლომდე წაიკითხავთ ჩემი დალოცვაც ალალ იყოს!
კონსტანტინე გამსახურდია ყოველთვის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. მწერლობა პროფესიად ექცა და სხვებისგან არა მხოლოდ ლექსიკით, არქაული წერის მანერითაც გამოირჩეოდა. დიალექტებიდან ნასესხებ სიტყვებს გაურბოდა, თუ ასე უშუალოდ რომელიმე გმირს არ ამეტყველებდა. ცუდ ქართულზე მოუბარს კი შეძლებისგდაგვარად არიდებდა ყურს.
ალბათ დღევანდელ დღეს რომ მოსწრებოდა ყურებს დაიხშობდა!!!
ზოგჯერ ნოველის წერას რომანზე არანაკლებ დროს უთმობდა. თურმე ორი წლის განმავლობაში წერდა “დიდ იოსებს”, “ზარები გრიგალში” კი ერთ ღამეში დაწერა:”ჩვენში ბევრს ჰგონია, პატარა ნოველა ადვილი დასაწერიაო, რადგან ზოგიერთმა ლიტერატორმაც არ იცის, რომ ნოველა პროზაში იგივეა, რაც ლექსთა შორის სონეტი.
პირადი უბედურების გამო იშვიათად ვტირი, მაგრამ ჩემივე გმირების უბედურებას ავუტირებივარ ,ცოტა არ იყოს, მეჩოთირება კიდევაც ამის გამხელა, რადგან გულჩვილი ვაჟკაცი არ მომწონს!
ჩემი ნაწერების კორექტურა უდიდეს სიხარულს მგვრის. წერისა და გადაწერის დროს მე დიდის სიყვარულით ვეთამაშები ქართულ ასოებს, გაოცებული შევსცქერი მათ,ყოველი ქართული ასო რაღაც უცნაური სიმბოლიკის აღმძვრელია ჩემს წარმოდგენაში. მე დიდის სიამოვნებით დავსწერდი ანბანთქებას.თუ ის ბალღები, ახლა რომ ქართველი დედების კალთაში, ან აკვნებში წვანან, ჩემზე უკეთ დაეუფლებიან ქართულ სიტყვას, ეს ფრიადაც გამეხარდება.
…იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო.
წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ.
…კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთ კალმიდან ქაღალდზე მოხდენილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ, რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა. ლევ ტოლსტოი და ფლობერი, ვაჟა და ჰიუგო, რუსთაველი და გოეთე, ალბათ, სატანური ნების კაცები უნდა ყოფილიყვნენ.
ჩვენს საუკუნეში ისეთი ძლიერი დოღია გამართული, თუ მთელი შენი ენერგია და მოცალეობა არ შეალია მწერლობას, არარა შეგრჩება ხელში. ის ქმნილება, რომელიც შენს სისხლსა და ხორცს ვერ შეისხამს, უთუოდ წამოდგება ქაღალდიდან”…
“მთვარის მოტაცებაში” არის ფრაზა: “ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი, ნეტავ არ წამეკითხაო!”.
დაე თქვენი ცხოვრება ისეთ რომანს ჰგავდეს, რომლის კითხვა არასდროს მოგბეზრდებათ…