„გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა“ – პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა.

ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეს სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის შესახებ აფიქრებს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან, შვილთან ერთად, სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა მის თაყვანისმცემელს მოანიჭოს მშვიდობა, ამინ!

დიდად ვწუხვართ, ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა“.

ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახს შესთავაზეს, კლასიკოსი მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ. ოჯახის გადაწყვეტილებით, მწერლის ანდერძის თანახმად, მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გურამ დოჩანაშვილის შვილი, ირაკლი დოჩანაშვილი 1990 წელს, 22 წლის ასაკში დაიღუპა.

82 წლის ასაკ­ში დიდი ქარ­თვე­ლი მწერალი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალა.

კომენტარები