გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი, უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოების ხელშეწყობა

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი და არის პრაგმატული, უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოების ხელშეწყობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ქართულ-ამერიკული მედიაციით განხორციელებული პროცესის შეფასებისას განაცხადა, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

„დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ერთი მხრივ, ამ რეგიონში საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს რესურსი და არის პრაგმატული და მეორე მხრივ, არის საქართველოს სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე, თავსებადია ყველა ის პირობა ნატოსთან და ევროკავშირთან, რომ დაჩქარდეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით, სომხეთმა, თავის მხრივ, აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები