„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა“ – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ერთმნიშვნელოვნად მინდა,  ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობამ, პირველ რიგში, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.

საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, – ახალი ნორმები გარდამავალ დებულებებში აისახება და განისაზღვრება შეზღუდვების მოქმედების კონკრეტული ვადა.

ცვლილებათა პაკეტი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პანდემიის დროს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, ან დამტკიცებას გულისხმობს. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული,ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 23 მაისიდან ამოქმედდება.

 

კომენტარები