დავით აბულაძე: ქართველ ფერმერს ყურძნის მოსავალში 70 თეთრს უხდიან  და ამ  სასაცილო ფასზეც კი ახვეწნინებენ. გინდათ, ვაზი აჩეხონ? 

არ იფიქროთ რომ  დაუჯერებელი და სასაცილო, ალბათ უფრო სავალალო ფაქტი, რომლის შესახებაც  მინდა მოგიყვეთ, ახალი და უცნობია. მის  შესახებ  ყველამ იცის და ღიად  საუბრობს.   ეს არის ყველა  კახელი ყურძნის მწარმოებელი ფერმერის  გულის ტკივილი. საოცარი მხოლოდ ის არის რომ, ამ უბრალოდ გამაოგნებელ ფაქტზე,  სადაც დანაშაული  პირდაპირ ხელისგულზე დევს,  ღვინის სამშობლოდ წოდებულ  ქვეყანაში არავინ რეაგირებს.  ხალხი ღიად საუბრობს, რომ ამ კარგად აწყობილ  დანაშაულებრივ პროცესს, ადამიანთა ვიწრო ჯგუფი კურირებს და უზარმაზარ თანხებს ითვისებს.

საქართველო  რომ ღვინის სამშობლოა, ამაზე თითქმის არავინ აღარ დავობს. მაგრამ საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანასაც  წარმოადგენს,  არც ამაშია რამე დაუჯერებელი.  სხვანაირად რა შეიძლება ეწოდოს,  ან  როგორ გინდა შეაფასო და ახსნა-განმარტება მოუძებნო  ქვეყნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული მიმართულების, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ  განხორციელებულ მავნებლურ და უგუნურ პოლიტიკას.  რით შეიძლება აიხსნას უბრალოდ დაუჯერებელი, ცოტა კომიკური ფაქტიც კი, რომ საქართველოში,  ყურძნის  წამოება არარენტაბელურია.

ათასწლეულების განმავლობაში,  მევენახეობა -მეღვინეობა და მასთან დაკავშირებული ქართული კულტურის, ტრადიციების, რელიგიის და მთლიანად ქართველი ერის ქცევისა და ხასიათის ფორმირება, განუყოფელ და ერთ მთლიან სასიცოცხლო ორგანიზმს  წარმოადგენს.   მსოფლიოში  პირველად ქართველებმა დაიწყეს ვაზის „მიშინაურება“ და მისგან ღვინის წარმოება.  ამ ფაქტის და საერთოდ ქართული ტრადიციული მეღვინეობის, როგორც ცალკე აღებული ფენომენის აღიარება,  დანარჩენი მსოფლიოსაგან  მთლიანად ქართველი ერის  პატივისცემისა და უდიდესი აღიარების  ტოლფასია.

დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში, როდესაც მისი ყოველი სეგმენტი ათვისებული და დიდი ხნის წინ გადანაწილებულია, საქართველოდან ერთადერთი, ქართული მევენახეობის პროდუქტები,  თავისი უნიკალური მონაცემების  წყალობით, თამამად და „ხმამაღლა“ ახდენენ ღვინის ნებისმიერ ბაზარზე შესვლასა და დამკვიდრებას.  ასევე სწორედ ქართული ტრადიციული მეღვინეობის ფენომენი  წარმოადგენს იმ გადამწყვეტ ფაქტორთა შორის, ერთერთ უმნიშვნელოვანესს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებში,  ჩვენი ქვეყნის მონახულების სურვილს წარმოშობს.

ჩვენგან განსხვავებით, ყველა მევენახეობა – მეღვინეობით  დაკავებულ  ქვეყანაში,  ამ უნიკალური და მოთხოვნადი პროდუქტის წარმოება და დაცვა  უმაღლეს დონეზე ხორციელდება. მაგალითად საფრანგეთში სპეციალურად შექმნილი, ძლევამოსილი სახელმწიფო  სტრუქტურა ფუნქციონირებს, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები – „ფრანგული ღვინის ულებათა  დაცვის ინსტიტუტი“ ეწოდება.  როგორ გინდა  ამას შეადარო  ჩვენი   უკონტროლო და ყველასათვის „ბოლომდე ღია“,  ქართული ღვინის ბაზარი.

რითი შეიძლება აიხსნას უბრალოდ დაუჯერებელი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ფაქტი.  საქართველოში, ღვინის ტრადიციულ ქვეყანაში,  უკონტროლოდ ხდება სპირტის იმპორტი, მაშინ როდესაც  თუნდაც იგივე  საფრანგეთის საბაჟო ორზე მეტ ღვინის ბოთლს აეროპოტრშივე  გართმევს.  ეს ფაქტი მართლაც რომ კომიკურია.  საქართველოში იმპორტირებული  სპირტით   ღვინის  ზღვარგადასული ფალსიფიკაცია  ხდება. ეს ავტომატურად განაპირობებს იმას,   რომ  ქართველ ფერმერს ყურძნის მოსავალში 70 თეთრ უხდიან  და ამ  სასაცილო ფასზეც კი ახვეწნინებენ.

 

სად არის საერთოდ არაფრის მაქნისი სურსათის უვნებლობის სამსახური, როდესაც ფალსიფიკატორები ამ სტრარეგიულ დარგში დასაქმებულ ქართველ ფერმერებს პირდაპირი მნიშვნელობით „კლავენ“?  ვისაც კანონით ევალება შევიდეს და შეამოწმოს ქართულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში  ჩამოსასხმელი ღვინის  მაგივრად შეტანილი კარგად „შენელებული“  და შეღებილი სპირტიანი წყალი.  ასეთი განუკითხაობით გათამამებული  ფალსიფიკატორები, ღვინის ადგილობრივ ბაზარძე, წარმატებით ანაცვლებენ  ათასობით ფერმერს და მათ საქმიანობას  საერთოდ აზრს უკარგავენ. 

დღევანდელი მოთხოვნით, რომ არა ფალსიფიკაცია, ყურძნის მისაღები ფასი მინიმუმ 2  ლარიდან  უნდა იწყებოდეს  და ესეც ცოტაა,  არაფალსიფიცირებული ღვინის გასაყიდ ფასთან შედარებით.  საქართველოში რეალურად იმ რაოდენობის ყურძენი არ იწარმოება, რომ  მასზე  არსებული  მოთხოვნა დააკმაყოფილოს. სპირტის გარდა ქართულ მეღვინეობას კიდევ ერთი „მტერი“ გამოუჩნდა.  კორუფციის დიდი წყარო და დარგისათვის დამაზიანებელიაა,   პრიმიტიულად  და დაუსაბუთებლად,  მევენახეობის ზონებად დაყოფა.  

ზოგადად,  მევენახეობის ზონებად  დაყოფა მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, და ცივილიზებულ ღვინის ბაზარზე,   პროდუქტის წარმოშობისა და წარმოების ადგილს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.  ამიტომ  ყველგან ამ მიკროზონების  უმკაცრესი კონტროლი ხორციელდება.  საქართველოში, ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები „უხვად“ გასცემენ მევენახეობის ზონის დამადასტურებელ ყალბ ცნობებს და ყურძნის მიმღებ პუნქტებში, შედარებით დაბალი ზონის  ყურძენი(მათ შორის აზერბაიჯანიდან შემოტანილი!!!), ან სულაც ცარიელი მანქანები  შედის, ხოლო ყურძნის მაგივრად შაქარი და სპირტი.  

ცოტა ხანში კახეთში რთველი და  „ცოდვის კალო“ ერთად დაიწყება. რთველი- ერთ დროს ზეიმი  და ახლა სერიოზული პრობლემა და თავის ტკივილი სად წაიღონ იმ პროდუქტის მოსავალი. რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს.   მთელი წლის ნალოლიავები  ყურძნის მოსავლის გადასამუშავებლად ჩაბარება, თუნდაც გროშების ფასად, სახვეწარი უხდება ხალხს.  საშუალოდ  1კგ ყურძნის მოყვანა და მოსავლის აღება 50-60 თეთრამდე ჯდება, ხოლო შესასყიდი ფასი  70-80 თეთრია.  მოგება საშუალოდ 20  თეთრი. აქ უბრალოდ კომენტარი ზედმეტია და დაუჯერებელი.

ხელისუფლებისაგან განსაკუთრებულს არავინ ითხოვს. ბოლოს და ბოლოს არც მისი სუბსიდია  უნდა არავის.  ელემენტალური  წესრიგი დაამყაროს  და დანარჩენს ადგილობრივი  ღვინის ბაზარი თვითონ დაარეგულირებს.  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  წინამორბედის კორუფციული  სქემების  გადაიბარება კი არ უნდა ხდებოდეს ,  ქვეყანას უნდა მიეხედოს  და  მეურნე ადამიანებს ხელი არ შეუშალონ.   ამ  შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ  ელემენტალური წესრიგი და ფალსიფიკაციის აღკვეთაა საჭირო და ამის განხორციელება უმოკლეს ვადებში შეიძლება.

კახეთი ერთადერთი ხალხმრავალი რეგიონია, რომელიც მევენახეობის წყალობით, ჯერჯერობით მოსახლეობისაგან არ დაცლილა. ადგილობრივი მოსახლეობა უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს მევენახეობის არარენტაბელობაზე.  უახლოეს მომავალში ისინიც გაჩეხავენ ვენახებს, და დატოვებენ ქვეყანას, ხოლო მათ ადგილს უცხო ქვეყნის რეზიდენტები დაიკავებენ.   აი ასეთი,  ჯაჭვური რეაქციით ხდება ქვეყნის აწყმოსა და მომავლის განადგურება.

 

დავით აბულაძე

 

 

კომენტარები