დავით არქანია: ნაცები წალენჯიხაში თავიანთ ბუდეს ქმნიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ წალენჯიხა მარტო მათი არ არის!

29 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზვიად არქანიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.

საქართველოს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ლ.ა-ს შესაძლოა ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზვიად არქანიას ადგილსამყოფელის შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით,  2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლაშა არქანია, რომელსაც ავტომანქანაში სცემდნენ და სთხოვდნენ გაემჟღავნებინა ძებნილის ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რუსლან აბულაძემ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლაშა არქანიას ავტომატის ლულა ჩაუდო პირში, რაც გაგრძელდა გარკვეული პერიოდი ავტომანქანის გაჩერებამდე.

ლაშა არქანია მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებულ მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმათ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ავტომატით გასროლის ინსცენირებას ახდენდნენ, იღლიებში ანთებულ სიგარეტს აწვავდენენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა  ლაშა არქანიას წამება ჯვარის პოლიციის განყოფილებაში განაგრძეს, ზვიად არქანიას ადგილსამყოფელის დასახელებასთან ერთად დამატებით მოითხოვდნენ, ლაშა არქანიას დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში განახორციელეს ტერორისტული აქტი. იმის გამო, რომ სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღეს, უკანონოდ დაკავებული ლაშა არქანიას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები.  დაკავებულს წარუდგინეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. შეადგინეს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითეს რომ 2011 წლის 15 ივნისის 03:00 საათზე, ლაშა არქანია თითქოსდა დაკავებულ იქნა წალენჯიხის რაონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება. თავდაპირველად, ლაშა არქანია უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა  ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, მან განიცადა ძლიერი მორალური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული. აღნიშნულის შემდეგ კვლავ სცემეს იგი. უწოდებდნენ ტერორისტს და დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.

ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე  ლაშა არქანიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – ჯარიმა 3000 ლარი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლაშა გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

რ.ა. და ხ.ს. ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო კ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, და სამივე მათგანს სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვრათ 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ი.ა. ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ი.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ორივე პირს სასჯელის სახით და ზომად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვრათ 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

„ნათქვამია, სამართალი ურმით დადისო. ჩვენმა სამართალმა უფრო ნელა იარა, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ჯალათებს მაინც წამოეწია! იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ჩემი ძმის, ლაშა არქანიას სასტიკად წამებაში იღებდა მონაწილეობას, უკვე ციხეში გდიან და დარწმუნებული ვარ, ვინც აქამდე გადარჩა – იმათაც ჩააყუდებენ!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სასტიკად ნაწამები

ყოფილი პოლიტპატიმრის, ლაშა არქანიას ძმამ,

დავით არქანიამ:

– პირველ რიგში მადლობა მინდა მოვახსენო „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩემი ძმის დაჭერის პირველივე დღიდან ამხელდა იმ სისასტიკეს, როგორითაც რეჟიმი ლაშა არქანიას ეპყრობოდა! ჩვენ ვეძებდით სამართალს და თქვენ ერთ-ერთი და მთავარი მედია იყავით, ვინც ჩვენს გულისტკივილს ობიექტურად აცნობდით საზოგადოებას. აი, რატომ ვერ იტანს სააკაშვილი „ასავალ-დასავალს!“ ძნელი და რისკის შემცველი იყო ეს მისია თქვენთვის და ყველა უფლებადამცველისთვის, რამეთუ პიკზე იყო სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმი და ახალაიები, მეგისები და კოდუები აღვირახსნილები თარეშობდნენ ქვეყანაში. არქანიების მთელი გვარი განწირულები ვიყავით. სხვადასხვა პერიოდში, რეჟიმმა ერთი და იგივე ბრალდებით დაიჭირა მალხაზი, ლაშა, მამუკა, ზვიადი, გოგიტა არქანიები. ეს უკანასკნელი დღემდე რეჟიმის მიერ შეთითხნილ სასჯელს იხდის! ყველა შარვლიანი არქანია ციხეში უნდა მჯდარიყო – ასეთი გახლდათ სააკაშვილის ბრძანების შემსრულებელის, გოჩა გოგოხიას ნება, რომელიც იმავე სააკაშვილმა 2012 წლის შემოდგომაზე  ლაშას და სხვა არქანიების საქმის შეთითხვნის საფასურად, გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო კოჰაბიტაციამ ის თანამდებობაზე დატოვა და ბედის ირონიაა, რომ ლაშას მთავარი ჯალათი, გოჩა გოგოხია ევრო[ული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს მაღალ თანამდებობას შინაგან საქმეთა სამინისტროში!

 – მაშ, ვინ დაისაჯა?

– ჩემი ძმის 5 მწამებელი ჯალათი რუსლან აბულაძე, ილუშა აქუბარდია, ილოსონგულია, კოხტა კოდუა, ხატაბერ სამუშია – უკვე გასამართლდნენ. 11 წელი ველოდით ამას! პირადი შურისძიებაც შეიძლებოდა, მაგრამ არქანიებმა დავამტკიცეთ, რომ ტერორისტები კი არა, კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ! გვინდა, რა მსხვერპლიც რეპრესიების დროს ჩვენმა ოჯახმა გაიღო, მომავალში აღარავის მოუწიოს! კოაბიტაცია იყო შეცდომა. უფრო სწორად – დანაშაული! “არ გასწორდება ძაღლის კუდი და ვერც მორიელი დაიწყებს სწორად სვლას” და ახლა, როდესაც სასამართლოს წინაშე უკვე ჩემი ძმის ჯალათები წარსდგნენ, ლაშამ საოცარი მიმტევებლობა გამოამჟღავნა და მოსამართლეს სთხოვა, ყოფილიყო მაქსიმალურად ლმობიერი განსასჯელების მიმართ! მაპატიოს უფალმა მაგრამ ვერ ვარ ასეთი. მაქსიმალურს მოვითხოვდი, თუნდაც იმიტომ, რომ მათ სინანულის ნიშანწყალი ვერ შევამჩნიე; იმიტომაც, რომ გოჩა გოგოხია, რევაზ ლაზიშვილი, დავით კვარაცხელია და თორნიკე შელია – დღემდე მოქმედი პოლიციელები არიან. მკითხველს შევახსენებ, რომ ჩემი ძმის წამებაში მონაწილე რევაზ ლაზიშვილი სწორედ ის მაღალჩინოსანი პოლიციელია, რომელმაც ახლახან სოლიდარობა გამოუცხადა სამეგრელოში ნაცების და მათ მიერ დაგეგმილი არეულობის მხარდაჭერის გამო თანამდებობიდან გათავისუფლებულ ავანტიურისტ კოლეგებს. როგორც გასამართლებულები, ისე თავისუფლებაზე დარჩენილი ჯალათები დღემდე საშიშნი არიან საზოგადოებისთვის!

 – რა გაძლევთ ამ დასკვნის საფუძველს?

– მათ არა მხოლოდ არქანიები… სხვებიც აწამეს. დარწმუნებული ვარ, სწორედ გოჩა გოგოხიას და მისნაირი ნაცმიდრეკილი ძალოვნების დახმარებით მოიგეს წალენჯიხაში არჩევნები ნაცებმა. რევაზ ლაზიშვილიც იმიტომ გადადგა თანამდებობიდან, რომ „გმირი და პოლიტპატიმარი“ გახდეს, მისი შეფის, სააკაშვილის მსგავსად! არადა, 10 წელზე მეტ ხანს გავყვიროდით, რომ ის ჯალათია და ჩვენი ხმა კოაბიტირებულ ხელისუფლებას არ ესმოდა, ფაქტია, რევაზ ლაზიშვილი კი არ მოხსნეს და შემდეგ დააპატიმრეს, არამედ თავად გადადგა და ჯერ ისევ გასდის!

მწამებელია გოჩა გოგოხიაც, რომელიც დღემდე მაღალ თანამდებობას იკავებს! სააკაშვილს კი, აუცილებლად უნდა მოეკითხოს, ჯალათის გორგასლის ორდენით დაჯილდოვების გამო! ჯალათია დავით კვარაცხელია! ცრუ მოწმეა თორნიკე შელია! ჯალათების მარტო ნაწილი კი არა, სრული შემადგენლობა უნდა დაისაჯოს! შეგახსენოთ, რა განწყობას ქმნიდნენ ისინი? ერთ დაჭერილ არქანიაზე 10000ლარი იყო თურმე პრემია!  უფლებადამცველებს და კერძო პირებს – ყველას დევნიდნენ, ვინც ვინც ჩემს უდანაშაულო ძმას ექომაგებოდა! დევნიდნენ მოწმეებს, ვინც ლაშა არქანიას  უდანაშაულობას ამტკიცებდა! ამ უსამართლობას შეეწირა მამაჩემი. 2012 წლის ზაფხულში მას გული გაუსკდა…

 – ბატონო დავით, როგორ მოხდა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, წალენჯიხაში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა არჩევნებში?

– მე – წალენჯიხელს – მრცხვენია, რომ ამ პირსისხლიანი რეჟიმის მომხრემ გაიმარჯვა! მრცხვენია, რომ წალენჯიხელების მნიშვნელვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა მოძალადე, ცილისმწამებელ, მამაკაცების გამაუპატიურებელ ბანდას, რომელიც, თუ საშუალება მიეცემა, მომავალშიც ენთუზიზამით ჩაიდენს იგივე საშინელებებს, რასაც სისხლიანი რეჟიმის დროს სჩადიოდა! ნაცები წალენჯიხაში თავიანთ ბუდეს ქმნიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ წალენჯიხა მარტო მათი არ არის! 54 წლის ვარ და, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, არასოდეს მითამაშებია ის, რასაც ყველა ნაცი ათამაშებს. დიახ, მე ვარ წალენჯიხელი და ღვთის მადლით, წალენჯიხაში ზნეობის ერთგული, ღირსეული უამრავი ადამიანი ცხოვრობს! არ ვიცი, დანარჩენებს რა დაგემართათ…  დიახ, კოაბიტაციის გამო არც მე ვარ დღევანდელი მმართველი პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ ხალხო, ასე რამ გადაგრიათ, რომ ჩემი ძმის ჯალათების  – კოხტა კოდუას, გოჩა გოგოხიას, ილო სონგულიას, ილუშა აქუბარდიას, რუსლან აბულაძის, ხატაბერ სამუშიას, დავით კვარაცხელიას, თორნიკე შელიას და რევაზ ლაზიშვილის მფარველი პარტიის წარმომადგენელს ხმა მიეცით?  ვისარგებლებ შემთხვევით და წალენჯიხის მერის არჩევნებში გამარჯვებულ გიორგი ხარჩილავას მივმართავ – დავსხდეთ და პირდაპირ ეთერში ვისაუბროთ – ვის სახეს წარმოადგენ??? ზნეობასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

 – როგორ ფიქრობთ, ბოლომდე აღდგება სამართლიანობა?

– ინტერესით და რისხვით ვაკვირდები მოვლენებს. სისხლიანი რეჟიმის შემქნელი ციხეში ზის და ჩადენილი დანაშაულების გამო ის ციხეში უნდა ჩალპეს! რისხვა მიპყრობს, როცა ვხედავ, რომ მაინც არ ისვენებს და თავის შლეგ მომხრეებს ახალი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს. მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც თავდაჯერებულად დაადგება კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის გზას და კანონის ფარგლებში ყველა ჯალათს დამსახურებისამებრ მიაგებს… ხოლო თუ ასე არ მოხდება, თუ ნაცები არ დაშოშმინდებიან და მაინც სისხლს დაღვრიან… ჩვენ – მათგან რეპრესირებული ადამიანები იძულებულნი გავხდებით, ამ პროცესში ჩავებათ, მტერს დამსახურებულად მივაგოთ და სამართლიანობა ხალხის და ზნეობის ძალით აღვადგინოთ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები