“დავით გარეჯის მონასტერი პირველად 1723 წელს პარიზში გამოცემულ რუკაზეა დაფიქსირებული”
ძველი რუკების ექსპერტი და რუკების საერთაშორისო საზოგადოების წევრი გიორგი ლობჟანიძე AMBEBI.GE-ს უძველეს რუკას აწვდის, რომელზეც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი პირველად არის აღნიშნული. ქართულ პრესასთან კი, რუკის შესახებ სპეციალისტი დამატებით საუბრობს:
ეს ერთადერთი ძველი რუკაა, სადაც კარგად ჩანს გარეჯის მონასტრები. დავით გარეჯის მონასტერი პირველად დაფიქსირებულია გიიომ დელილისა (Gუილლაუმე Dელისლე) და სულხან-საბა ორბელიანის ერთობლივ რუკაზე, რომელიც 1723 წელს პარიზში გამოიცა. რუკაზე დატანილია დავით გარეჯის მონასტრები და საზღვარი საქართველოს მაშინდელ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან – შირვანთან და განჯასთან. იმ დროს ეს სპარსეთის დაქვემდებარებაში მყოფი, ფეოდალური წარმონაქმნები გახლდათ. აღნიშნული რუკა ყველაზე ძველია, სადაც აღნიშნულია დავით გარეჯა და მთლიანად ჩვენს საზღვრებშია ყარაიას ველი, გარეჯის ქედი, მტკვრის და იორის შესართავი.
გიიომ დელილმა მოგვიანებით სულხან-საბა ორბელიანის მიერ გადაცემული მასალა სპარსეთის შაჰის კარზე საფრანგეთის სამი ელჩის – კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის ინფორმაციებით შეავსო და რუკას ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.
როგორც მოგახსენეთ, რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა გიიომ დელილმა 1723 წელს პარიზში გამოსცა. კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა რომ სულხან-საბა ორბელიანის კარტოგრაფიულ მასალებს ეფუძნება, აღნიშნულია რუკის სათაურში: “შედგენილია მეფის განკარგულებით ქართველი თავადის სულხან-საბას (შოსკამ-შაბბას) ხელნაწერი მასალების მიხედვით, აგრეთვე სპარსეთის საელჩოს ელჩების – კრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის მიერ”. – აცხადებს გიორგი ლობჟანიძე