დავით ზალკალიანი გაერო-ს უშიშროების საბჭოში დაგეგმილ მაღალი დონის ვიდეოკონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოში ესტონეთის რესპუბლიკის როტაციული თავმჯდომარეობის ეგიდით დღეს დაგეგმილ მაღალი დონის ვიდეოკონფერენციაში.

ვიდეოკონფერენციის სახელწოდებაა „75 წელი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან – მომავალში მსგავსი სისასტიკეების თავიდან ასაცილებლად ნასწავლი გაკვეთილები, უშიშროების საბჭოს ვალდებულება“.

მაღალი დონის ღონისძიებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უხელმძღვანელებს. ღონისძიებაში მონაწილეობა უკვე 50-მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა. ამასთან, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

საგარეო უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში, მინისტრი ზალკალიანი ისაუბრებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ამ კონტექსტში უშიშროების საბჭოს როლზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების და გაერო-ს ქარტიის დებულებების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე“.

 

კომენტარები