დავით ზალკალიანი – გიგი გიგიაძის გამოხმაურება ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როდესაც ელჩი ასეთ მგრძნობიარე თემაზე განცხადებას აკეთებს, ჩვენთვის უნდა დაერეკა, ეკითხა, რასთან გვაქვს საქმე

დანიაში საქართველოს ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა. როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით.

დანიაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

„რაც შეეხება ელჩის მხრიდან გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა, რადგან კოლეგიალურობიდან და ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როდესაც ელჩი განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ასეთი განცხადება „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ.

რა თქმა უნდა, მასთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია, იგივე გამოძიების პროცესში, რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და მასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

წყარო: “1tv.ge”.

კომენტარები