დავით კაჭარავა „ნაციონალურ მოძრაობას“: „მაშინ ხმას ვინ ამოიღებდა?! ადამიანების ერთიმეორის მიყოლებით უშვებდნენ ციხეში – იმ სკვერის ადგილას, სადაც ბავშვობა გავატარე, კორპუსი ააშენეთ – ცოტა დაფიქრდით…“

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს. ცვლილება რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. მათ შორის არის წესი, რომელიც ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრმა, დავით კაჭარავამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა:

-„მინდა, გავიხსენო ერთი პატარა ამბავი, რომელიც ჩემს ბავშვობას ეხება. ქალაქის ცენტრში, ვერაზე, ყოფილი ზანდუკელის ქუჩაზე გავიზარდე და ბავშვობა გავატარე, იყო ერთი სკვერი, სადაც ახალგაზრდობა, ბავშვები, უფროსები ვიკრიბებოდით ხოლმე, სკოლის ფეხბურთის ტურნირებიც იქ ტარდებოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვკავდებოდით. დღეს, აქ წარმოდგენილმა პიროვნებებმა, რომლებიც ძალიან აპროტესტებენ წარმოდგენილ კანონპროექტს, ზუსტად ამ სკვერში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მივიდნენ, დაიკანონეს, ხალხის პროტესტის მიუხედავად, სკვერის ადგილზე კორპუსი ააშენეს, მთელი უბნის ახალგაზრდობის, საზოგადოების შეკრების ადგილი საერთოდ გააქრეს. სკვერის ადგილას კორპუსის მშენებლობის დროს, წინა ხელისუფლებამ რამდენიმე ადამიანიც დააკავა.

მაშინ ხმას ვინ ამოიღებდა?! ადამიანების ერთიმეორის მიყოლებით უშვებდნენ ციხეში. შემდეგ საერთოდ საოცრება მოხდა – დაამთავრეს ეს კორპუსი, მასში ეკონომიკის სამინისტრო გადაიტანეს, მიაქირავეს ეკონომიკის სამინისტროს. თავისი სიმახინჯე მიაქირავეს თავისივე ბიზნესს და კიდევ იდებდნენ ფულს ჯიბეში. მგონი, ეს კორპუსი დღესაც არ არის ჩაბარებული და ზუსტად ეს კანონპროექტი შეეხება მასაც და ჩაბარდება.

მოკლედ, რის თქმა მინდა: თქვენი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ეს ხელისუფლება სკვერების ადგილას კორპუსებს არ აშენებს, პირიქით – თვლადია, რამდენი სკვერი აშენდა. ამიტომ, ხალხს რაც სჭირდება, ის გავაკეთოთ, დავამთავროთ ეს ყველაფერი და ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სიმახინჯეებს ნუღარ შევმატებთ. ცოტა დაფიქრდით, როცა დიდი პრეტენზიებით გამოდიხართ და ხალხს რაღაცებს ასწავლით“.

კომენტარები