დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობდა

დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა, დღეს შსს-მ მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საზოგადოება ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ხედავს, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა.
„ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა”,- აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შსს ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურ გამოძიებას აწარმოებდა მისთვის გამოყოფილი საქმის ნაწილში.
„როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებებმა შექმნა შესაბამისი სამართლებრივი სივრცე, რათა ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, რადგან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგინდა ერთ-ერთი პირის მიერ ჯგუფურად, თანამონაწილეობით მკვლელობა. თუმცა კონკრეტულად ვისთან ერთად, ეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული. შესაბამისად, აქტიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კალანდია დააკავეს. ჩვენ გვახსოვს, როგორი მორალური პასუხისმგებლობის ქვეშ გადადგა მთავარი პროკურორი მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყველა კითხვას არ და ვერ გაეცა პასუხი. „ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობდა. ძალიან აქტიურ საგამოძიებო ქმედებებს ვხედავთ, რომელიც დღეს კალანდიას დაკავებით დასრულდა. ნათელია, რომ როგორც საგამოძიებო, ისე სასამართლოს განხილვის კუთხით მართლმსაჯულების აღსრულებისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა.
„ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული რევოლუციური სცენარებიც კი იწერებოდა. საზოგადოება ხელისუფლების განწყობებსა და მოქმედებებს ძალიან კარგად ხედავს, რომელიც მართლმსაჯულების აღსრულებისკენ არის მიმართული. ასევე, ოპოზიციის ნაბიჯებს, რომელიც მუდამ ცდილობდა, ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინა. ჩვენ ამ საქმეზე გამოძიების სრულად დამთავრებას დაველოდებით. ერთი ინსტანციის სასამართლო კიდევ არის დარჩენილი. ღრმად მწამს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა შესაბამისი პასუხის გარეშე ჩვენს საზოგადოებაში არ დარჩება”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები