დავით მარტიაშვილი: მეომრები ჩავალთ მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტთან დავიწყებთ დიალოგს საქართველოს დეოკუპაციასთან დაკავშირებით!

პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, რომელიც ჯერ საქართველოში და შემდეგ უკრაინაში წლების განმავლობაში იბრძოდა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, მზად არის, როგოც თავად ამბობს – ხელისუფლების გასაკეთებელი გააკეთოს, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ჩავიდეს მოსკოვში და მათთან, ვისაც იარაღით ებრძოდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დიალოგი დაიწყოს! პოლკოვნიკს სოციალური ქსელების საშუალებით ექსკლუზიურად ვესაუბრე:

   – ბევრი ვიფიქრე ვიდრე ამ განცხადებას გავაკეთებდი. ხელახლა მივედი დასკვნამდე, რომ ერეკლე მეორე ბრძენი მეფე იყო, რადგან გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველოს ჭრილობები მოუშუშა, გააერთიანა, ქრისტიანული რელიგია შეუნარჩუნა და ფიზიკურადაც გადაარჩინა! ცალკე საკითხია, რა მოხდა ერეკლეს სიკვდილის შემდეგ და რამ გამოიწვია საქართველოს სამეფო ტახტის გაუქმება. იყო ინტრიგები, ღალატი და ტოტლებენიც იყო! მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ინტრიგასა თუ ღალატში ქართველთა ხელი ერია! ალბათ ძალაუფლება ის ნარკოტიკია, რომლის გამოც მავანნი ირჩევენ იუდას გზას, ბარაბას გზას, ხოლო ქრისტეს გზას უარყოფენ და ბნელეთის მსახურნი ხდებიან. ასეთი ნარკოტიკის მოსაპოვებლად ყველა დროსა და ეპოქაში მიმდინარეობდა ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ! ასე იყო თუ ისე, დაპყრობილმა ქართველმა ერმა 21 საუკუნემდე მოაღწია. დაპყრობილმა საქართველომ – საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკიდან ყველაზე მდიდარმა რესპუბლიკამ – 1991 წელს დამსხვრია კომუნისტური რეჟიმის ბორკილები და გათავისუფლდა მონობისაგან, მაგრამ დამოუკიდებლობის 29 წლიან  ისტორიაში ყველა ხელისუფალი მიდგა და, საბჭოთა საქართველოს მონაგარი ნაცარტუტად აქცია, მათი “დაუღალავი” შრომის შედეგად მივიღეთ „საოცნებო სახელმწიფო,“  სადაც  მდიდარი მუქთახორები და უღატაკესი მშრომელები ცხოვრობენ. არადა, გეოპოლიტიკური მდებარეობით, რომელიც გააჩნია საქართველოს, ის უნდა ყოფილიყო რეგიონში უმდიდრესი ქვეყანა, რადგან მას გარეშემო 300 მილიონიანი ბაზრები აკრავს… თუმცა, ამ ბაზრების 90% საქართველოსთვის დაკეტილია! ამის შედეგად კი, გვაქვს: ჩამოშლილი ეკონომიკა, გაპარტახებული, დაცლილი სოფლები,  სიღატაკის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა, უკიდურესად სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობა, დაუდგენელი საზღვრები და, ყველაფერთან ერთად, არც თავისუფლები არ ვართ, რადგან უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნების ნებართვის გარეშე ნაბიჯს ვერ ვდგამთ.

 

 – დათო, 30 წელია, ხან საქართველოში და ხან უკრაინაში – რუსებს ეომებით. გეორგიევსკის ტრაქტატი რამ გაგახსენათ?  

 

 –  ქართველებმა ვერ გავთვალეთ ისტორიული მოვლენები. აღმოვჩნდით გლობალური დაპირისპირებების ეპიცენტრში, მეგაიმპერიების ხელში საზარბაზნე ხორცად ვიქეცით და მაინც დღემდე გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ დამოუკიდებლები ვართ. იყო შეცდომებიც. მე პირადად ძალიან ვნანობ, თავის დროზე კანონიერ ხელისუფლებას რომ დავუპირისპირდი. ომებში მიყოლებით დავმარცხდით. შედეგად ის მივიღეთ რომ 27 წელიწადია აფხაზეთი და სამაჩაბლო არა თუ ოკუპირებულია, არამედ იქ ჩატარებულია ეთნოწმენდა,  ქართველების ნაცვლად უცხო თესლი და ტომებია ჩასახლებული. როგორც იქ, ასევე ჩვენთან – ზიზღით იზრდება უკვე მეორე თაობა ისე, რომ ერთმანეთი არც უნახავთ. სამი ათეული წელია, საქართველოს მართავს კლანი, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ერის ნებას და მთლიანად, უცხოელი ემისრების მითითებით მოქმედებს. ამ ფრიად სახიფათო და რთულ მდგომარეობაში რა პოლიტიკა გააჩნია საქართველოს სახელმწიფოს, მითუმეტეს როდესაც ყოველდღიურად გვაჭრიან მიწებს? – არავითარი! კიდევ 5 ან მაქსიმუმ, 10 წელი და, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი სამუდამოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. პროცესი მიშვებულია თვითდინებაზე, რუსებს არავინ არც კი ელაპარაკება. უფრო მეტიც – ეს პროცესი დასულია გვარამიას, გაბუნიას, მაქარაშვილისა და საჯდომმოშიშვლებული „ბიჭების“ დონეზე, რომლებიც პირადად სააკაშვილის დავალებით, ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ოკუპანტი გააშმაგონ და საქართველო რუსეთთან ახალ სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიონ, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასრულება მოყვება! მათი „ანტისაოკუპაციო“ ისტერია პირდაპირი პროვოკაციაა, ხოლო სახელმწიფოს პოზიციის ნაცვლად ტელეეკრანიდან ისმის უზრდელი, უვიცი და რეგვენი ნაცის ლანძღვა-გინება, რაც თეორიულადაც კი სპობს ოკუპანტთან დიალოგის წარმოების საშუალებას და ამ ყველაფერს ხელისუფლება პასუხობს სირაქლემას პოზით. პუტინის ტელეეკრანიდან გინება იმ პროექტის ნაწილია, რასაც საქართველოს საბოლოოდ დაჩოქება უნდა მოყვეს.

 

 – თვლით, რომ ოკუპანტთან დიალოგს ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი მოყვება? 

 

 – საბოლოოდ, ყველა ომი კაპიტულაციით ან მოლაპარაკებით მთავრდება. კაპიტულაციას ყოველთვის სჯობს მოლაპარაკება! დღეს ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია! საქართველოს ჰქონია  პერიოდებიც, როცა მტერს ხარკს  უხდიდა და ვასალის მდგომარეობაშიც დგებოდა, რომ როგორღაც ერი ფიზიკურად და სულიერად გადარჩენილიყო, ძალა მოეკრიბა. დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, მნიშვნელოვან დათმობებზეც წავიდეს, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. თუ ჩვენ საკუთარ ქვეყნის ინტერესები გვაფიქრებს  ასედაც უნდა მოვიქცეთ. მოლაპარაკება არის ის საშუალება, როცა შეიძლება გაიგო, გიბრუნებს თუ არა მტერი წართმეულს და რის სანაცვლოდ გიბრუნებს, რათა მერე აწონ-დაწონო და არა უცხოელი დამკვეთის, არამედ ერის ნების შესაბამისად იმოქმედო. ყველა, ვინც ამჟამად „ანტისაოკუპაციო“ ისტერიაშია ჩაბმული, შეგნებულად მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ერთადერთი შედეგი, რომელიც შენზე გამარჯვებული ძლევამოსილი იმპერიის მთავარსარდლის უხამს გინებას მოყვება, იქნება მისგან ახალი აგრესია, რასაც მოსახლეობა შეეწირება, თორემ გაბუნიასნაირებს საკუთარი სისხლის წვეთი არასოდეს დაუღვრიათ და არც არასდროს დაღვრიან. იმ მამულიშვილებს ეფარებიან, ვისაც არაერთხელ დაუდია სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე და მომავალშიც, უყოყმანოდ იგივეს გააკეთებენ… 30 წელიწადია, უნიათო, მოღალატე პოლიტიკოსების გამო ამოვწყდით საქართველოს საუკეთესო შვილები რუსეთთან ბრძოლაში და ამ დროს ჩვენს ქვეყანაში საყურეებიანი ბიჭები – „გაჯეტებით“ გმირები ხდებიან, ნამდვილი გმირების ხსენებაც არ არის.

 

 – რაში ხედავთ გამოსავალს? 

 

 – გამომდინარე იქიდან, რომ ნაცების მიერ დაქირავებული 13 ამერიკელი კონგრესმენისგან დაშინებულ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არანაირი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში;  იმის გამო რომ ქვეყანაში ე.წ. ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს, თეორიული შანსიც კი მოუსპოს საქართველოს, რუსეთთან  დიალოგის დასაწყებად, ყველაფერს სჩადის, რათა გამოიწვიოს ახალი ქაოსი და ძალადობის ესკალაცია ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად; „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან ვაცხადებ – დასაკარგი დრო აღარ არის! არც სხვა გზა არის რაიმე, დარჩენილი!  ამიტომ, იმ მეომართა ერთი ჯგუფის სახელით, რომლებიც სხვადასხვა წლებში სხვადასხვა ფრონტებზე იარაღით ხელში ვიბრძოდით სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის, ვაცხადებ, რომ მზად ვართ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, ქართველი ერის დიდი უმრავლესობის ნების შესაბამისად, საგანგებო მისიით ჩავიდეთ მოსკოვში და გავმართოთ შეხვედრები რუსეთის ხელისუფლებასთან,  თვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც კი, თუკი ის ასეთ ფორმატს დათანხმდება – ერთი მიზნითა და იდეით – შეწყდეს ჩვენს ქვეყნებს შორის დაპირისპირება და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაციაზე! თუ საქართველოს ხელისუფლება ნაცების შიშით ვერ ახერხებს რუსეთის უმაღლეს ვერტიკალთან მოლაპარაკებებზე წასვლას, ამას გავაკეთებთ ჩვენ – მეომრები, რომლებსაც ადრე რუსეთთან გვიომია, ხოლო ახლა კი, სამშობლოს ფიზიკურად და სულიერად გადარჩენის სხვა გზას, გარდა რუსეთთან მოლაპარაკებისა – ვერ ვხედავთ! დაე, დავიწყოთ ჩვენ, მეომრებმა და მერე ეს ინერცია საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს!

ესაუბრა ზაზა დავითაია  

წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები