დავით მარტიაშვილი: პირველ ეტაპზე, ნაცები უკრაინაში შეგროვდებიან. მერე საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება!

სააკაშვილის გამო უკვე მესამედ იქცა დევნილად და იძულებული გახდა, უკრაინიდან ამჯერად, დასავლეთ ევროპაში გახიზნულიყო. “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში პირველმა იწინასწარმეტყველა უკრაინაში ვლადიმერ ზელენსკის გაპრეზიდენტება და სააკაშვილის დაბრუნება. ამჯერადაც დაუჯერებელ ვერსიას გვთვაზობს, ირწმუნება, რომ ზელენსკიც და სააკაშვილიც მოსკოვის გეგმას ახორციელებენ, რაზე დაყრდნობითაც, სულ მალე მთელ უკრაინას რუსეთი გააკონტროლებს! რა მოელის უკრაინას ორი კლოუნის მმართველობის შედეგად? გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს
ბატალიონ “დონბასის” ცნობილ ქართველ მებრძოლთან,
საქართველოს ეროვნული გვარდიის ვეტერანთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარე,
ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილთან:

– “ასავალ-დასავალის” ფურცლებიდან კიდევ ერთი პროგნოზი გავაკეთე, რომელიც საბედნიეროდ, არ ახდა – რუსეთი მაქსიმალურად შეეცადა საქართველოს პრეზიდენტად თავისი ფავორიტი – გრიგოლ ვაშაძე გაეყვანა. ნაცებს უხაროდათ, რადგან ეგონათ, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდებოდა, თუმცა გეგმის არსი სრულიად განსხვავებული გახლდათ: ვაშაძე მხოლოდ იმიტომ უნდა გაპრეზიდენტებულიყო, რომ სააკაშვილის მიმართ შეწყალების მექანიზმი აემოქმედებინა, რათა მას უკრაინაში მაღალი თანამდებობის დასაკავებლად გზა გახსნოდა, თუმცა საბედნიეროდ, ქართველი ამომრჩევლის გონიერებამ შედეგი გამოიღო და “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი შეცდომების მიუხედავად, ეს მზაკვრული ჩანაფიქრი ჩაიშალა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი უკრაინაში მაინც დააბრუნეს.

– დააბრუნეს, მაგრამ ძებნილად რჩება. უკრაინის პრეზიდენტი ნუთუ, ამიტომ აცხადებს, რომ რაიმე თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა არ იგეგმება?

– ეს განცხადება ფარსია. მოვლენების განვითარება საწინააღმდეგო დასკვნისკენ გვიბიძგებს – ზელენსკიმ უმაღლესი რადა დაითხოვა და ორ თვეში უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამის შემდეგ, ყველაზე მინიმალური თანამდებობა, რომელსაც სააკაშვილს შესთავაზებენ, უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტი იქნება, თუმცა, შეიძლება პრემიერ-მინისტრადაც მოგვევლინოს. უკრაინელი საზოგადოება სააკაშვილის ფიგურას უკვე განიხილავს, როგორც “დუბინკას,” რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

– ვის მოხვდება თავში ეს “დუბინკა?”

– “ოლიგარქების წინააღმდეგ მგზნებარე მებრძოლი” სააკაშვილი უკრაინაში უმსხვილესმა ოლიგარქმა, იგორ კოლომოისკიმ იმ მიზნით დააბრუნა, რომ ელვისებური რეპრესიები განახორციელოს, რადგან ამ ბინძური გეგმის შესრულებას უკრაინაში მოქმედი მე-5 კოლონა, აღიარებული პრორუსული ძალებიც კი არ დათანხმდებიან. ამ როლს მხოლოდ სააკაშვილი ერგება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში მასშტაბური წეწვა-გლეჯა, ქონების გადანაწილება, ოპონენტების ციხეში ჩასმის და ფიზიკურად ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება. აი, რისთვის სჭირდება მოსკოვს სააკაშვილი! მეტსაც გეტყვით – კიევის მერმა კლიჩკომ ახლახან საჯაროდ განაცხადა, რომ მზად არის, საპარლამენტო არჩევნებისთვის სააკაშვილს პლაცდარმად საკუთარი პარტია დაუთმოს. ქართველ ხალხს ვინძლო, ეს სცენარიც ეცნობა! ასე რომ, სააკაშვილისთვის როლი უკვე ზედმიწევნით არის დაწერილი და ის ამჟამად ამ ბინძური მისიის შესასრულებლად, იმის ჩასადენად ემზადება, რაც ყველაზე კარგად იცის – ერთი ჯიბიდან ფულის ამოღება და მეორეში გადადება! მერიაში მასშტაბური დარღვევების გამო, კლიჩკოს თავად დასაჭერად აქვს საქმე და თავის მხრივ, გადარჩენას სააკაშვილზე დაყრდნობით ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სააკაშვილი მჭიდეშია და მას გასასროლად ამზადებენ. ფაქტია, კლიჩკო პრეზიდენტ ზელენსკის არაფრად აგდებს და მისი გვერდის ავლით, პირდაპირ სააკაშვილს ეკონტაქტება.

– ზელენსკის რაიმე ავტორიტეტი გააჩნია იმ წრეში, რომლებსაც უკრაინის საჭე რეალურად უპყრიათ, თუ მისი პრეზიდენტობა თავიდან ბოლომდე ბუტაფორიაა?

– განა შეიძლება, ჯამბაზს ავტორიტეტი გააჩნდეს? კოლომოისკიმ გარემოცვაში უკვე შეულაგა საკუთარი კადრები, რომელთა თანხმობის გარეშე ზელენსკის ლაპარაკიც აკრძალული აქვს. ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა პრეზიდენტმა ბრიფინგზე გამოსვლაც ვერ გაბედა. ზელენსკის გაპრეზიდენტებით, ხალხი ურცხვად მოატყუეს. საზოგადოებამ ზელენსკის ხმა იმ იმედით მისცა, რომ რეალობაში აღასრულებდა იმ საქმეებს, რასაც კინოფილმის “ხალხის მსახური” – მთავარი გმირი ასრულებს. ფილმის მიხედვით, ზელენსკის მიერ განსახიერებულ გმირს ოლიგარქები პრეზიდენტად იმ იმედით დასვავენ, რომ მათი მარიონეტი იქნება, თუმცა პრეზიდენტი ახერხებს, გავლენას დაუსხლტეს და უმართავ სახელმწიფო ლიდერად იქცეს. ფილმის მთავარი გმირის მიმართ ხალხის სიყვარულმა ზელენსკი პრეზიდენტად აქცია, თუმცა ფილმის მეორე ნაწილს ახდენა არ უწერია – პრეზიდენტი მთლიანად ოლიგარქის გავლენაში რჩება. ხალხს ეგონა, ველოსიპედიანი პრეზიდენტი, გოლობოროდკო (ზელენსკის გმირის გვარია) ეყოლებოდათ, თუმცა ესკორტიანი ჯამბაზი შერჩათ, რომელსაც დამოუკიდებლად განძრევის უფლებაც ჩამორთმეული აქვს. ახლა კი, კოლომოისკიმ მას მეწყვილედ მეორე ჯამბაზიც ჩამოუყვანა.

– მაგრამ, ეს მეორე ჯამბაზი – სააკაშვილი – განა კოლომოისკის არ ებრძოდა, როგორც ოლიგარქს?

– 3 წლის წინ კოლომოისკი სააკაშვილს “ცოფიან ძაღლს” უწოდებდა, რომელიც ყველას კბენს. კოლომოისკი თავიდან ამ ცოფიანი ძაღლის დასჯას აპირებდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ეს ძაღლი უბრალოდ, იყიდა იმ გარანტიით, რომ მას აღარ დაკბენს. კოლომოისკის ზედმიწევნით გათვლილი აქვს, როგორ იყოლიოს ეს ძაღლი მორჩილებაში. 2017 წლიდან ის სააკაშვილს ფულით ამარაგებს და 200 მილიონი დოლარით სწორედ მისი დაფინანსებული გახლდათ კარვების აქცია “მიხო-მაიდანი,” რომელზეც ხელისუფლების დამხობა იგეგმებოდა. ამჯერად, სააკაშვილი პირდაპირ გაიშიფრა, როგორც რუსეთის ფალავანი. უკრაინაში არცერთ მოაზროვნე ადამიანს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ის დასავლეთისას კი არა, რუსეთის თამაშს თამაშობს და უკრაინის ძველი, დამხობილი პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანაპარტიელების გარემოცვაშია.

– მაგრამ, ზელენსკი ხომ პროდასავლურ პრეზიდენტად ითვლება?

– პირიქით – ზელენსკიმ გაიმარჯვა პრორუსულ პოზიციებზე მყოფ ამომრჩევლებზე დაყრდნობით, იმ დაპირების სანაცვლოდ, რომ რუსეთთან ომს შეაჩერებდა. პროდასავლური ორიენტაციის ფორპოსტი უკრაინა თვალსადახელსშუა იცვლის პლატფორმას და პრორუსულ ქვეყნად ყალიბდება, თანაც ეს ხდება არამშვიდობიანი, საქართველოს მსგავსი სცენარით. 2007 წელს პუტინს უკვე დასრულებული ჰქონდა აფხაზეთის და ცხინვალის პასპორტიზაცია, ამ ფონზე სააკაშვილის მხრიდან იარაღის ჟღარუნი წინასწარ წასაგებად გამიზნული ომით და ტერიტორიების ჩაბარებით დასრულდა, რის შედეგადაც, 2001 წელს საქართველოდან გაყვანილი რუსეთის ჯარი ჩვენს სამშობლოში განუსაზღვრელი ვადით დაბრუნდა. ზუსტად იგივე პროცესი ახლა უკრაინაში იწყება – რუსეთის ჯარების 120 ათასიანმა კონტიგენტმა შარშან უკვე დაასრულა უკრაინის საზღვრების გარშემო გაშლის პროცესი, იმავდროულად, რუსეთმა დონბასის და ლუგანსკის ოლქებში გამალებით იწყო მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების დარიგება. აი, ასეთ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტის რჩევით, ზელენსკი უკრაინაში აბრუნებს სააკაშვილს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენებისგან ქონების გამოსაძალად და პატრიოტების ასპარეზიდან მოსაცილებლად საფუძვლებს ამზადებს. ამ მიზნით, სააკაშვილი უკვე შეუდგა მისგან კონტროლირებადი “სიკვდილის ესკადრონების” უკრაინაში მობილიზაციას, რომლებიც 2014-15 წლებში იქ იმყოფებოდნენ და პოროშენკომ განდევნა.

– უკრაინაში სააკაშვილის მიერ ძალების მოკრება საქართველოში ნაცების მოძლიერებას გამოიწვევს? თუ აქაური ნაცები უკრაინაში გადაიხვეწებიან?

– თუ სააკაშვილმა უკრაინაში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და რუსეთის პოზიციები მოაძლიერა, საქართველო ამ პროცესს ავტომატურად მიყვება. ახლახან ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და ამჟამად პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ადვოკატმა რობერტო ჯულიანმა ჩაშალა უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი და ზელენსკის პირდაპირ მოუწოდა, ჩამოიცილოს ტრამპის პირადი მტერი – იგორ კოლომოისკი. დააკვირდით – ზელენსკი, ტრამპის პირადი მტერი კოლომოისკი და სააკაშვილი – ერთ გუნდში იმყოფებიან! ჩემი აზრით, პირველ ეტაპზე, ნაცები უკრაინაში შეგროვდებიან. თუ სააკაშვილი უკრაინაში რეპრესიებს დაიწყებს და გაუვა, მერე საფრთხე საქართველოსაც დაემუქრება.

– მაგრამ, 45 მილიონიანი უკრაინა ნუთუ სააკაშვილის რეპრესიებს მორჩილად მოითმენს?

– უკრაინაში პრორუსილი ელექტორატი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თანაც, სააკაშვილი მესიად მიაჩნიათ, ვერ გადაარწმუნებთ. ფაქტობრივად, უკრაინაში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც პოლიტიკოსების სენსაციურ ფერისცვალებებს გვპირდება. უკრაინაშიც და საქართველოშიც უამრავი ადამიანი გაოცდება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ რუსეთის და ყოველივე რუსულის მაგინებელი სააკაშვილი სინამდვილეში კავკასიაში რუსული ინტერესების განმახორციელებელი აღმოჩნდება!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები