დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა – „რახან დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია“ – ადვოკატი

ამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე ფურცხვანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ​პროკურატურის მოთხონა დააკმაყოფილა.

-„ბრალდებული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.  სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ“, – განაცხადა ადვოკატმა, ნოდარ მესხმა.

მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით დაკავებული დავით ფურცხვანიძე დუმილის უფლებას იყენებს.

„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ წარმომადგენელსა და „სპუტნიკ ტვ“-ს დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის საქმეზე პირადი მოტივით მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

-„ბატონი დავითი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას, მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მეორე მუხლია 370-ეს მეორე ნაწილი. ლოგიკურია, რახან დუმილის უფლებას იყენებს, მეც არ გამაჩნია ინფორმაცია, რომ მოგაწოდოთ. ლოგიკურად რომ გავყვე ბატონ დავითს, არ მგონია იმის ინტერესი ჰქონოდა, თავისი თავისთვის ელემენტარულად, პრობლემა შეექმნა.

დავით ფურცხვანიძის შვილმა,  გამოძიების ინფორმაციით, სატელიტის ფოტოები დაამონტათა, შვილთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს.  არსებობდა ვარაუდი დავით ფურცხვანიძის მიმალვის შესახებ, რომელიც თვის ბოლოს საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.

ბატონ დავითს აქვს საკონსალტინგო ორგანიზაცია, რომელიც მისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე მუშაობს. შესაბამისად, ეს ამერიკაში წასვლა არ წარმოადგენდა მის მიერ მიმალვის მცდელობას, ეს იყო სამსახურებრივი მივლინება, შემდეგ დაბრუნდებოდა ქვეყანაში“,  – განაცხადა  ფურცხვანიძის ადვოკატმა, ნოდარ მესხმა.

დავით ფურცხვანიძე 25 სექტემბერს  დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ Whats App-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ, ეს ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

კომენტარები