დათო ტურაშვილი გარეჯის შესახებ – „გარეჯის მსგავსი, მგონი, მერეც არაფერი მინახავს“

დათო ტურაშვილი გარეჯის შესახებ:
-„გარეჯის მსგავსი, მგონი, მერეც არაფერი მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად ვიხეტიალე სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ დავით გარეჯის უდაბნოს მართლა ძნელად თუ რამე შეედრება, როგორც ადამიანისა და ბუნების თანაარსებობის საოცარ მაგალითს, სადაც სრულიად სხვა, ერთადერთი და განუმეორებელი გარემო და ენერგეტიკა არსებობს და მარადიულ საიდუმლოდ რჩება ჩვენი გონებისა და ჭკუისათვის…
მაშინაც გარეჯი საიდუმლო იყო, როცა პირველად ვნახე პირველ კურსზე და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს მომწყინდება გარეჯში თუნდაც მისი სიჩუმის მოსმენა…
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე მონასტერს მოიცავს და კლდეში გამოკვეთილი სენაკებისა და ეკლესიების შესწავლასა და აღდგენაზე მაშინ საოცარი ადამიანები მუშაობდნენ – რესტავრატორები, რომლებსაც სიამოვნებით შევუერთდი და მერაბ ბუჩუკურის ჯგუფთან ერთად გატარებული დღეების გახსენებაც კი, უდიდესი სიამოვნებაა ჩემთვის. რესტავრატორებს შორის მხოლოდ მე ვიყავი არაპროფესიონალი, მაგრამ რიგითი მუშის ამპლუაც დიდ სიხარულსა და ბედნიერებას მანიჭებდა, რადგან საბჭოთა ჯარების მიერ განადგურებული და დანგრეული კულტურის შენარჩუნებას ვცდილობდით.
მაგრამ უნიკალურ ქართულ ფრესკებზე ზრუნვა, მათი გამაგრება თუ რესტავრაცია არც ისე იოლი იყო გასაგები მიზეზების გამო – დავით გარეჯის ტერიტორიაზე 1948 წლიდან სამხედრო პოლიგონი არსებობდა და არათუ ექსპედიციების მოწყობა, ერთი მონასტრიდან მეორემდე გადაადგილებაც კი, ზოგჯერ პრობლემა იყო. იყო ისეთი დღეებიც, როცა ლავრიდან ბერთუბანში დილით მივდიოდით ჩუმად სროლების დაწყებამდე და კლდეში გამოკვეთილ სენაკებში ისე ვმუშაობდით, ვცდილობდით სამხედროებს არ შევემჩნიეთ. იყო შემთხვევა, როცა მიხვდნენ რასაც ვაკეთებდით და პირდაპირ გვესროლეს. მაშინ მთელი დღე გამოქვაბულებში გავატარეთ და საშინელი სროლის გამო, დაღამებამდე გარეთ გამოხედვაც კი ვერ შევძელით. იყო ღამეებიც, როცა კლდის თავზე ჩამოწოლილები აფეთქების ადგილებს ვიმახსოვრებდით, რომ დილით გასროლილი ჭურვები მოგვეგროვებინა და თბილისამდე ჩამოგვეტანა, როგორც ნივთმტკიცება. საქმე ის გახლდათ, რომ მიტინგებამდე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ამაოდ დავდიოდით დაწესებულებიდან დაწესებულებამდე იმის იმედით, რომ უფროსების მხრიდან თანადგომას მაინც მივაღწევდით. უმრავლესობას ყველაზე მარტივი (ოფიციალური) არგუმენტი ჰქონდა იმისათვის, რომ ზედმეტ პრობლემებს მორიდებოდა – დაამტკიცეთ, რომ ისვრიანო და სამხედროებიც ერთი პერიოდი ღამის წვრთნებზე გადავიდნენ. კვალის დაფარვაც მოგვიანებით დაიწყეს (მიტინგის შემდეგ), თორემ მანამდე მოსარიდებელი რა ჰქონდათ და ბერთუბნის მთავარ ეკლესიაში, თამარ მეფის ფრესკაზე, რუსული ენის ნებისმიერ მცოდნეს შეეძლო იმ ოფიცრის გვარის წაკითხვა, რომელმაც საგულდაგულოდ დაუმიზნა თამარ მეფის უნიკალურ ფრესკას და რამდენჯერმე ესროლა…
ჩვენს პროტესტებზე საბჭოთა არმიას სრულიად სხვადასხვაგვარი რეაქციები ჰქონდა და ერთხელ, გარეჯში, არც მეტი, არც ნაკლები, ტანკით მოგვადგნენ. იქაური მუზეუმის მაშინდელი დირექტორი ილო ქვლივიძე, რომელმაც რამდენიმე წლის მანძილზე თითქმის მარტომ შეინარჩუნა გარეჯის ლავრა, მაშინ ნაჯახით გადაუდგა ტანკს და არასდროს დამავიწყდება მისი გაგიჟებული სახე, სისხლიანი თვალები და მზადყოფნა მართლა ბოლომდე, მართლა უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისა…
თუმცა, იყო სხვაგვარი რეაქციაც და ერთ საღამოს მონასტერში ამიერკავკასიის ჯარების მაშინდელი სარდალი გენერალი მაკაშოვი გვესტუმრა – ამ საოცრების დანგრევას მე როგორ მაბრალებთო, თქვა და ცრემლი მოერია. ჩვენ გაოცებისაგან პირები დავაღეთ და გახარებულებმა მისთვის გადამალული ხაშმის საფერავიც გავიმეტეთ. შუაღამემდე სვამდა განსხვავებული ჯამებით საქართველოს სადღეგრძელოს და ტიროდა – საქართველო ისე მიყვარს, გარეჯს როგორ დავანგრევ, ეგ რამ გაფიქრებინათო. სვამდა და ტიროდა. ჩვენც ვტიროდით. მე თან ვსვამდი, თან ვლოცულობდი – ღმერთო, ყველაფერი მაპატიე, რაც ამ კაცზე ცუდი მიფიქრია-მეთქი…
მთავარი სინანულია და მეორე დღეს დარცხვენილი, თავჩაღუნული და მონანიე რომ ვბრუნდებოდით თბილისში, ავტომატმომარჯვებულმა სამხედროებმა დაგვაპატიმრეს – უფროსის ბრძანებაა, ვინც პოლიგონის ფუნქციონირებას ხელს უშლის, დააკავეთო. მიგვიყვანეს შტაბში და “პახმელიაზე” თავდასიებული მაკაშოვი დაგვხვდა – უნდა დაგხვრიტოთ, მაინც ვერავინ გაიგებსო. თავიდან ვიფიქრეთ, ხუმრობდა, მაგრამ მაგიდას რომ მუშტი დაარტყა და ტუჩის ორივე კუთხეში დუჟი მოადგა, მივხვდი ჩვენი საქმე ცუდად იყო და წუხანდელი ღამე გავახსენე გაუბედავად. ღვინო კი კარგი იყო, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართო – დედამოტყნულმა მაკაშოვმა თვალისდაუხამხამებლად, აუღელვებლად იცრუა და მისი ბრძანებითვე მთელი დღე პატიმრობაში გავატარეთ“.
კომენტარები