„დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის“ – გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს –

გენერალური პროკურატურა ინფორმაციას  ავრცელებს:

-„გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ცალკე წარმოებად გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე ვ.ჩ-ს, ვ.მ.-ს, ა.გ.-ს, ნ.რ.-ს, გ.ტ.-ს, თ.ბ.-ს, ნ.ჟ.-ს, ი.მ.-ს, ს.ჩ.-ს, ი.წ.-სა და ს.გ.-ს მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის ფაქტებზე.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე დევნადაწყებულ ეპიზოდებზე საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის შესაქმნელად ჩასატარებელი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები განსხვავდება, განზრახ მკვლელობის ეპიზოდთან მიმართებაში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან, ასევე აუცილებელია მკვლელობის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებისთვის მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით.

მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ტარდება მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

დღეის მდგომარეობით, უკვე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს პატიმრობაში მყოფი 11 პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა. ამასთან, ბრალდებულად ცნობილი 6 არასრულწლოვანის საქმე არსებითი განხილვის მიზნით უკვე წარმართულია სასამართლოში.

პროკურატურის მიერ სამართლებრივი პროცესუალური გადაწყვეტილების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას“.

კომენტარები