„დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს“-თეა წულუკიანი

-„რვა წლის განმავლობაში, მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგება: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ. სწორედ ამგვარი უსამართლო „რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის”, –– წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე თეა წულუკიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

კომენტარები