„დამსაქმებელმა მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში არ დაუშვას, ჩაუტარდეს ტესტირება“ – ამირან გამყრელიძე

-„კორონავირუსული ინფექცია კარგა ხნის განმავლობაში არ გაქრება, დაცვის საშუალება ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავებაა.

მიჩვეული ვართ, ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს,  ერთმანეთი უნდა ვაკონტროლოთ, უნდა მივცეთ გარკვეული შენიშვნა, როცა ვთქვათ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას არ უკეთია ან სწორად არ უკეთია ნიღაბი, მივცეთ შენიშვნა ადამიანებს. ეს არ არის შენიშვნა, ეს არის რეკომენდაცია. ჩვენ გვგონია, ვიღაც შოლტით უნდა დაგვადგეს, გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. ეს ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს. ყოველთვის ამას ვსაუბრობ,  კორონავირუსული ინფექცია ხვალ, ზეგ, მაზეგ, სამი და ოთხი თვის შემდეგ არ გაქრება, ჩვენთან ერთად იქნება და ერთადერთი დაცვის საშუალება არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავება.

არავის ეხალისება, ქორწილი, რომელიც ბედნიერებაა და ერთხელ ხდება ცხოვრებაში, აკრძალო, მაგრამ პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, ერთი წელი მოვითმინოთ. დიდი თავშეყრები არის ყველაზე მაღალი რისკი. დაგისახელეთ ხომ, რომ იმ დიდი თავშეყრიდან (თბილისის ქორწილის კლასტერი) უკვე რვა შემთხვევაა, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. ასევე იყო ბათუმში, აგვისტოს ბოლოს, იგივე უზარმაზარი ქორწილიდან. გურიაში რვა შემთხვევაა, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. უნდა იყოს ორივე, – საზოგადოებრივი წესრიგის და დისციპლინის გაძლიერება, როგორც კონტროლი საზედამხედველო ორგანოს მიერ, ისე თვითკონტროლი და თვითშეგნება. გვიყვარს ქართველებს გართობა, ეს კარგია, მაგრამ ცოტა ხანი მოვითმინოთ.

ეს ნიშნავს როგორც კონტროლის გაძლიერებას ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც დადგენილია, ისე ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი კონტროლისა და მონიტორინგის გაძლიერებას. როგორც უკვე მოგახსენეთ, სერიოზულად, მობილობის შემცირების მიზნით, მთელი რიგი ღონისძიებები – ქორწილები, ქელეხები და ასე შემდეგ, იკრძალება. უპირატესად, რეკომენდებულია დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა. დიდ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში არ არის რეკომენდებული სწავლის დაწყების წინ დიდი საზეიმო მიღებები. ძალიან გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, აუცილებელია, ყველა დამსაქმებელმა თავისი დასაქმებულის ჯანმრთელობას ადევნოს თვალი და არ დაუშვას სიცხიანი, მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში, რომლებიც უნდა გადამისამართდნენ ტესტირებისთვის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები