„დანაშაულის წარმატებით დასრულება დამნაშავისთვის, არის მომავალი დანაშაულის სახიფათო წახალისება“ – გიგა ბოკერია

-„დანაშაულის წარმატებით დასრულება დამნაშავისთვის, არის მომავალი დანაშაულის სახიფათო წახალისება.

 მსგავს სიტუაციებში, შესაბამისი უწყებების მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი. 

არ გავაკეთებ არანაირ შეფასებებს პოლიციის ოპერაციის, რადგან გრძელდება ეს ოპერაცია, არც მაქვს ამბიცია,  სპეციფიკური ცოდნა მაქვს საპოლიციო ოპერაციების. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ავტომატურად, – ასეთი სტრესის დროს არასწორია, პერიოდულად არ ხდებოდეს კომუნიკაცია მედიასთან, საზოგადოებასთან, თუნდაც არ იყოს არსებითი სიახლე რამე. ყველა შემთხვევაში, ეს სჭირდება საზოგადოებას, ეს ნორმალური ამბავია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში,“ – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შესახებ „რუსთავი 2-ის” ეთერში.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კადრში კიდევ ორ მძევალთან ერთად ჩანს.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.  დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

კომენტარები