„დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი მეწყრის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის“ – ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებული მეწყრის აქტივობა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ, მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შუალედურ ანგარიშში ნათქვამია:

-„მეწყრის უცაბედი დაძვრის ძირითად მაპროვოცირებელ აგენტებად განიხილება ჭარბი ნალექი და მიწისძვრა. ასეთ შემთხვევაში მეწყერი აზიანებს მაგისტრალურ წყალსადენის სამ 900 მმ-იან და უფრო მეტი დიამეტრის მილსადენებს, რის გამოც მაღალი წნევით მომდინარე წყალი მილებიდან დაიღვრება დამეწყრილ უბანზე და მეწყრის ამგებ ლოდნარ მასას შეერევა, რაც მეწყრის დენას ფერდობის ქვედა მიმართულებით (გელოვანის ქუჩისკენ) გაამარტივებს და სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება ღვარცოფული ნაკადი.

მეწყრულ-ღვარცოფული აქტივობა სავარაუდოდ მოიცავს: მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის ქუჩას, გელოვანის ქუჩას. ასევე ზედა მეწყრის დაცურება გამოიწვევს ქვედა მეწყრის შერევას და გაზრდის დაცურებული მასის მოცულობას, რომელიც გელოვანის ქუჩამდე მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს. დასათვლელია სცენარები, თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი მეწყრის გავრცელება და რა დასახლებულ პუნქტებს შეეხება ის.

მეწყრის მოცულობიდან გამომდინარე (მოწყვეტილი მასა), რომელიც თავისი მასშტაბით ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია, აუცილებელია შევაფასოთ ცუდი სცენარი, რომელიც ყველა შესაძლო გართულებას მოიცავს, რათა მოვახდინოთ პროცესის მართვა, ისე რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა“,-აღნიშნულია ანგარიშში.

ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელი“.

კომენტარები