„დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენო“ – ბიძინა ივანიშვილი

-„პოლიტიკაში ჩემი მოსვლის დროს უდიდესი რისკები არსებობდა. რისკები იყო უდიდესი. ჩემს დაცვის უფროსს ვეუბნებოდი, შენ შეგიძლია, ჩახვიდე მანქანიდან, გინდა, ფეხით გადავალ ხიდზე, არ მეშინია-მეთქი. გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ყველა დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, – აი, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ. მოვიდოდა დილით, ვეტყოდი, -ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველი-მეთქი. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ ეშინია პასუხისმგებლობის და იმიტომ მიდისო. სადაც გაცლაა საჭირო, მე იქ ვეცლები, მაგრამ, ჩვენ გმირულად, რაც მთავარია, გონებით და არა ემოციებით, ყველაფერი დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი მაინც დიდი იყო, ვინც იცის მათი ხელწერა და მაშინდელი მდგომარეობა. ეს არის მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდი. ნახეთ, შიშის ფონზე, რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება? უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა და არ დაჩაგრავს მავანს, არათუ თავის თანამოძმეს.

ამიტომ ვამბობ, -თუ ქველმოქმედება გამიკეთებია, ყველაზე მეტი აქ გამიკეთებია. ჭარბი, ნაგროვები ფული არ დამიხარჯავს მარტო ჩემი ხალხისთვის (რასაც მე ჭარბ ფულს ვეძახი, ჭარბ ქონებას), არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სიცოცხლე გადავდე და, რაც მთავარია, სიცოცხლეც არავის დავაზიანებინე. ამით ვამაყობ სწორედ, – ძალიან ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლებიც დღეს საცოდავ დღეში არიან, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებიან, მეტი არაფერი იციან, რეალური ნიღაბი მოიხსნეს მთლიანად“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს.

კომენტარები