დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დღე წელს პირველად აღინიშნა- „ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება მათ წინაშე, ვინც“ – ირაკლი ღარიბაშვილი

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა.

დაჭრილ მებრძოლთა დღე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, გასულ წელს დაწესდა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ეს დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

-„ჩვენს დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებზე ზრუნვა არის ჩვენი ქვეყნის ვალდებულება მათ წინაშე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა თავისუფლებასა და მსოფლიო მშვიდობის დაცვას შესწირეს.
დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში აღვნიშნეთ, რომელიც გასულ წელს აშშ-ის მხარდაჭერით გავხსენით და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ჩვენი წარმატებული სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა და მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაა, ამ მხრივ, გასული წლის განმავლობაში, ჩვენ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. წელს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ერთიანი ძალისხმევით.
ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ჩვენს დაუმარცხებელ მეომრებს დაჭრილ მებრძოლთა დღე მივულოცო, რომელიც გასულ წელს დაწესდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრმა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან მადლიერება გამოხატა ამერიკელი მეგობრების მიმართ და თავდაცვის ძალების განვითარებაში მათი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართვისას თავდაცვის უწყების წარმატებულ სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება, სწორედ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათთვის მრავალმხრივი შესაძლებლობების განვითარებაა.

კომენტარები