„დედამიწაზე მრავალი რელიგია არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. მართლმადიდებლობა – ეს არის განუყოფელი და ერთიანი ეკლესიის სარწმუნოება“ – ილია მეორე

-„დედამიწაზე მრავალი რელიგია არსებობს, მაგრამ ჭეშმარიტება ერთია. თქვენ იცით, რომ მართლმადიდებლობა – ეს არის განუყოფელი და ერთიანი ეკლესიის სარწმუნოება. როცა არ იყო არავითარი გაყოფა, არ იყო არც კათოლიკური, არც პროტესტანტული და არც სხვა მიმდინარეობები, იყო ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. კათოლიკე – კათოლიკურს არ გულისხმობს. იგი ნიშნავს მსოფლიოს, საყოველთაოს, აქედან მომდინარეობს სიტყვა კათოლიკოსი, ანუ საყოველთაო. აი, ამ ერთიანი ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს ინახავს მართლმადიდებლობა. ამიტომაა ასეთი დიდი სწრაფვა მისკენ, ამიტომაა, რომ ევროპაში, ამერიკაში მთელი რიგირ მართლმადიდებლური ეპარქიები იხსნება და მრავალი ადამიანი, რომელიც ადრე კათოლიკე, პროტესტანტი, ანგლიკანი ან სხვა რომელიმე რელიგიის მიმდევარი იყო, ხდება მართლმადიდებელი. ისინი იწყებენ ჭეშმარიტების ძიებით; ეძიებენ მას აღმოსავლურ რელიგიებში და სხვაგან. მაგრამ საბოლოოდ მიდიან მართლმადიდებლობასთან იმიტომ, რომ აქ არის ჭეშმარიტება. ამიტომაც, ჩვენი სულიერი ცხოვრება ჩვენს რწმენაზე უნდა ავაშენოთ. ხომ შეუძლებელია ტაძარი აშენდეს და საფუძველი არ დაედოს მას, სახლი აშენდეს და საძირკველი არ ჰქონდეს. უსაფუძვლოდ ყოველივე იშლება. ყოველმა ადამიანმა საფუძვლის დადებით უნდა დაიწყოს სულიერი ცხოვრება. წმიდა მოციქული იაკობი ამობს, რწმენა საქმის გარეშე მკვდარია – ამიტომ, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისათვის საჭიროა სიყვარული, სიყვარული ღვთისა და ადამიანისა. სიყვარული კი კეთილი საქმის კეთებაში უნდა ვლინდებოდეს. შეუძლებელია ადამიანი იყოს მორწმუნე და სიკეთეს არ თესდეს. თქვენ შეიძლება საპირისპირო თქვათ – დღეს თითქმის ყველას უჭირს და სიკეთე როგორ ვაკეთოთო. ყველა ადამიანს შეუძლია სიკეთის ქმნა, მათხოვარსაც კი, ვისაც არაფერი გააჩნია. თუ რაიმის მიცემის საშუალება არ გაქვს, კეთილი სიტყვის თქმა ხომ შეგიძლია, ხომ შეგიძლია ანუგეშო ადამიანი, იმედი მისცე მას, ეს უკვე ქველმოქმედებაა. ასევე აუცილებელია სასოება, ანუ იმედი ღვთისა. არ შეიძლება ადამიანი უიმედოდ იყოს, არ ჰქონდეს სასოება. ადამიანმა იმედი მხოლოდ სიმდიდრეზე არ უნდა დაამყაროს. სახარებიდან გემახსოვრებათ, რომ ერთმა მდიდარმა კაცმა, რომელსაც დიდი შემოსავალი ჰქონდა, დიდძალი სიმდიდრე დააგროვა და თავის თავს უთხრა: ახლა ჭამე, სვი და იხარეო! ამ დროს მას ღვთის ხმა ჩაესმა: „უგუნურო, ამაღამ შენს სულს წაიღებენ და სიმდიდრეს ვის უტოვებო?“ აი, ამიტომაა საჭირო იმედი ღვთისა, ადამიანისა და საკუთარი თავისა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ჰკარგავს თავის იმედს. ამბობს – მე უძულრი ვარ, არაფერი შემიძლია. გამოდის რომ უმოქმედოდ უნდა იჯდეს. ასეთთა შორის ზოგჯერ მორწმუნეებიც არიან”.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

კომენტარები